ახალი ამბები

რა თქვეს მოწმეებმა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე – რეპორტაჟი სასამართლოდან

15 იანვარი, 2020 • 1456
რა თქვეს მოწმეებმა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე – რეპორტაჟი სასამართლოდან

დღეს, 15 იანვარს, მამუჯა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოზე ჩვენება ბრალდების სამმა მოწმემ მისცა. მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა შორის იყო “თიბისი ბანკის” იმ ფილიალის ყოფილი მმართველი, სადაც სადავო სესხი გაიცა. ასევე, ჩვენება მისცეს კომპანია “სამგორი ემ-ის” და “სამგორი თრეიდის” ყოფილიმა დირექტორებმა.

2007-2008 წლებში, როდესაც სადავო ტრანზაქცია განხორციელდა, ხათუნა ლობჟანიძე “თიბისი ბანკის” ფილიალის დირექტორი იყო. ბრალდების მხარემ მოწმეს საბანკო პროცედურებზე დაუსვა კითხვები, კერძოდ, დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდებოდა ბანკის მიერ კორპორატიული კლიენტებისთვის სესხის გაცემა და ჰკითხეს, თავადაც მონაწილეობდა თუ არა სადავო სესხის გაცემაში.

აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას მოწმემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ სესხების გაცემაზე ბანკში რეგულაციები არსებობდა, რომელიც თანხვედრაში იყო ეროვნული ბანკის დირექტივებთან. მისი თქმით, ყველა საბანკო ოპერაცია ამ წესების დაცვით ხორციელდებოდა, თავად სესხის ხელშეკრულებას კი ხელი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტის ფორმალურობისთვის მოაწერა, მისი გაცემის მიზნობრიობის დადგენა კი მანამდე შესაბამისამა დეპარტამენტებმა მოახდინეს.

დაცვის მხარის კითხვებზე პასუხისას ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს ბანკში მუშაობის პერიოდში მისთვის არცერთ სესხთან დაკავშირებით არ მიუმართავთ და არაფერი დაუვალებიათ. პოსტის დატოვების შემდეგ კი, მისი თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე პირველად ნახა დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში.

პროკურორმა მოწმეს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ აღნიშნული სესხი ინსაიდერული იყო, რაზეც ლობჟანიძემ განაცხადა, რომ – არა. ხოლო ბრალდების კითხვას, რომ სცოდნოდა, მაინც მოაწერდა თუ არა ხელს სესხის გაცემის დოკუმენტს, დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა. ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართა, რომ პროკურორებისთვის მოეწოდებინა, მოწმე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამოეკითხა და არ მოეთხოვა მისგან შეფასებები, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ხათუნა ლობჟანიძის შემდეგ სასამართლო სხდომაზე ნოე თოფურიას მოუსმინეს, რომელიც სადავო ტრანზაქციის განხორციელების წლებში კომპანია “სამგორი ემ-ის” თანამფუძნებელი და დირექტორი იყო. მისი თქმით, “თიბისი ბანკს” სესხისთვის ავთანდილ წერეთლის თხოვნით მიმართეს, რომელიც კომპანიის პარტნიორი იყო.

როგორც მოწმე აღნიშნავს, წერეთელმა უთხრა, რომ კრედიტი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სესხის მისაცემად უნდა აეღოთ, რაც გააკეთეს კიდეც. თოფურიას თქმით, აღნიშნული ტრანზაქციით “სამგორი ემ-მაც” ისარგებლა, რადგან სესხი ბანკისგან 16 პროცენტად ჰქონდათ აღებული, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი 17 პროცენტად მისცეს. აღნიშნულს ბრალდების მხარეც ადასტურებს. კერძოდ, საქმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ავთო წერეთელი ადასტურებდნენ, თუმცა ფულის გათეთრების საკითხს, რაზეც ბრალდებაშია საუბარი, სამივე ბრალდებული უარყოფს.

მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი გარიგება ორჯერ განხორციელდა. მოწმის თქმით, საკითხი იურიდიულად ორივეჯერ გაფორმდა და თანხის გადასესხების ხელშეკრულება “თიბისი ბანკში” დაიდო.

მისი თქმით, პირველ ჯერზე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კომპანიას თანხა დაუბრუნეს, მეორედ კი, არა, რამაც პროცესი დროში გაახანგრძლივა და კომპანიამ იზარალა. საკითხის იურიდიული გზით მოსაგვარებლად კი შუამავალ კომპანიას მიმართეს, რომელიც, თოფურიას თქმით, ავთანდილ წერეთელმა ჩართო საქმეში და რომლის დახმარებითაც ფინანსური ვალდებულება მესამე კომპანიას მიჰყიდეს. თოფურიას ჩვენების მიხედვით, შუამავალი კომპანიის მფლობელებსა და წარმომავლობაზე ინფორმაციას არ ფლობდა.  მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ამ სესხის გარშემო საკითხებს პირადად ავთანდილ წერეთელი კურირებდა.

მესამე მოწმე, რომდელსაც დღევანდელ პროცესზე მოუსმინეს, ირაკლი ფიჩხაია იყო, რომელიც “სამგორი თრეიდის” დირექტორის მოვალეობას ასრულებდა 2012 წლიდან. მისი თქმით, სადავო ტრანზაქცია მისი დირექტორობის პერიოდში არ განხორციელებულა, თუმცა კომპანიაში მისვლის შემდეგ ფინანსური ვალდებულებები დახვდა და რა მიზნით იყო აღებული, არ იცის:

“ჩემს პერიოდში მოხდა ის, რომ საკონსულტაციო-იურიდიული კომპანია დავიქირავეთ, რომელიც დაგვეხმარა ამ სესხის ვალდებულების და მოთხოვნის სხვა კომპანიისთვის გადაცემაში. კომპანიას ჰქონდა აქტივიც და პასივიც. ეს რომ ვნახე, დამფუძნებლებმა მოვილაპრაკეთ, რა გვექნა და დავიქირავეთ იურიდიული კომპანია” ,- ამბობს ფიჩხია.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ავთანდილ წერეთელთანაც გაიარა. მოწმის თქმით, ის არ დაინტერესებულა, თუ ვინ იყო ამ იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი ან მეწილე, რაზეც პროკურორმა მისი ჩვენებიდან ამონარიდი მოიყვანა, სადაც წერია, რომ მოწმე კომპანიის მეწილეებს, მათ შორის, ავთანდილ წერეთელს ასახელებდა. აღნიშნულზე ფიჩხიამ თქვა, რომ სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია გამომძიებელმა გამოკითხვისას მიაწოდა და ჩვენებაშიც იმიტომ მოხვდა. მოწმის თქმით, ის არც იმ კომპანიაზე ფლობს ინფორმაციას, რომელმაც სასესხო ვალდებულება შეისყიდა. ამჯერადაც, პროკურორმა მოწმეს ჩვენებიდან ამონარიდი წაუკითხა, სადაც ფიჩხია აცხადებდა, რომ შუამავალი იურიდიული კომპანიის წარომადგენლის თქმით, აღნიშული კომპანია “თიბისი ბანკმა” მოიძია. მოწმემ განმარტა, რომ თავად აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობდა და ეს შუამავალი კომპანიის წამომადგენელმა თქვა.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ საქმეში ფულის გათეთრების შესახებ მტკიცებულებები არ მოიპოვება და ამას ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებიც:

“ყოველ სხდომაზე დასტურდება, რომ კლასიკური გაგებით ბრალდების მოწმე ბრალდებას არ ჰყავს. ბრალდებას ჰყავს მოწმეები, რომელიც მას მოჰყავს. ფილიალის დირექტორმა დაადასტურა, რომ სესხის გაცემა მოხდა ყოველგვარი პროცედურის დაცვით და ბანკი საქმის კურსში იყო და ამით გამოირიცხა თაღლითობა. და მეორე, ყველა პროცედურა გავლილი იყო, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ ჰქონიათ ამასთან შეხება და ამით გამოირიცხა ფულის გათეთრება.

“სამგორი ემ-ის” დირექტორმა კი დაადასტურა, რომ ავთანდილ წერეთელმა სთხოვა ამ სესხის აღება და გადაცემა. ამას არც ავთანდილ წერეთელი უარყოფს. შესაბამისად, ახალი რა თქვა დღეს მოწმემ და რატომ ჰყავს მოყვანილი პროკურატურას… სესხი რომ აიღო და გადასცა, ეს დოკუმენტურად დასტურდება. რატომ არის სესხის აღება და გადაცემა ფულის გათეთრება, ამას ვკითხულობთ ჩვენ. წინასწარ დადგმულობის მტკიცებულება უნდა მოიპოვონ, თორემ სესხი რომ გაიცა და რეალურად ასე მოხდა, დოკუმენტებიც ადასტურებს. ჩვენ ველით სხვა მტკიცებულებას, რომ ბანკი მოატყუა და ეს ყველაფერი იყო დადგმული”, – ამბობს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი კი ამბობს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ ქმედებასთან. პროკურორის თქმით, მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წელს ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის საქმეში ჩართვა, რომელსაც არანაირი აქტივები არ ჰქონდა და აღნიშნული ვალდებულებები გადაიბარა, “თიბისი ბანკის” ინიციატივით მოხდა, რისი მიზანიც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ბანკის მოთხოვნის გარეშე დატოვება იყო, რათა ბანკს სესხი არ დაბრუნებოდა:

“სიცრუეა, თითქოს პროკურატურის მოწმეები ბრალდებულთა სასარგებლო ჩვენებას იძლევიან. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენებებს, დღეს “სამგორი ემის” და “სამგორი თრეიდის” წარმომადგენლებმა პირდაპირ დაადასტურეს, რომ კომპანიების მიერ სესხის აღება და მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის გადაცემა ავთანდილ წერეთლის დავალებით ხდებოდა”, – თქვა პროკურმა. მისივე შეფასებით, “ეს სესხი  იყო თვალთმაქცური ხასიათის და თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, არ დაბრუნებულიყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი