ახალი ამბები

ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებისთვის კომპანია „ქარვა“ დაჯარიმდა – სამინისტრო

15 იანვარი, 2020 • 1202
ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებისთვის კომპანია „ქარვა“ დაჯარიმდა – სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებისთვის კომპანია „ქარვა“, ჯამში, 124 950 ლარით დააჯარიმეს.

სამინისტროს ცნობითვე, კომპანია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დაჯარიმდა, რომელსაც უწყებამ სხვადასხვა ობიექტიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები გაუგზავნა.

“აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ 124 950 ლარი შეადგინა”, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს თქმით, “ახალი სოციალური პოლიტიკის” ფარგლებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია და 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე “უმაღლესი ხარისხის, გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით მარაგდება.”

ჯარში გაყინული ხორცით მომარაგების პრობლემებზე 2019 წლის ნოემბერში ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა “თავისუფლების მონიტორმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი