ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს

14 იანვარი, 2020 • 2134
მამუკა ხაზარაძე საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა” და პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის და პოლიტიკური პარტია “ლელო” მზად არიან ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავების სცენარისთვისაც. ამის შესახებ ხაზარაძემ ტელეკომპანია მთავარის” გადაცემა “ღამის მთავარში” გააკეთა.

“თუ დაგვაკავეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი პარტიის მშენებლობისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, პარტია მზად არის ამ სცენარისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, როგორ განვვითარდებით და მთელ ჩვენს მოსამზადებელ სამუშოს ისე ჩავატარებთ, რომ დავდებთ ძალიან სერიოზული გამარჯვების შედეგს. ამაში მე ვარ ღრმად დარწმუნებული, იმ დინამიკით,  რომელიც ჩვენს პარტიაში მიმდინარეობს, იმ ლიდერებით და იმ ახალი სახეებით, რომლებიც ჩვენს პარტიას შემოურთდებიან.

ასე რომ, ეს სცენარიც გათვლილი გვაქვს. ეს სცენარი გათვლილია სწორედ ორ თვეზე, თუ ეს ორი თვე იქნება ის ვადა, სადაც ისინი აბსოლუტურად აბსურდულ, ფარსის დონის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. არაფრით ეს არ გვაშინებს და მან [ბიძინა ივანიშვილმა] უნდა იცოდეს, რომ როცა არსებობს მძლავრი იდეა და ეს იდეა ეხება შენს სამშობლოს, ვერც დაჭერა შეგაშინებს და ვერც სხვა რაღაცები”, – თქვა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მიმდინარე წლის დასაწყისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად გაფორმებული ხელშეკრულება გაუუქმა. კონსორციუმი მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიწყო. 2018 წელს კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მალევე კი პროკურატურამ “ფულის გათეთრების საქმეზე” გამოძიება დაიწყო 2008 წელს განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გამო, დაახლოებთ ერთ წელიწადში კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე, ბრალი წაუყენა.

ამ ბრალდებას ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ბრალის წარდგენიდან მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძემ აღნიშნული ქმედება პორტის მშენებლობის ხელშეშლას დაუკავშირეს და კონსორციუმი დატოვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების დრო რამდენჯერმე გადაუვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი