თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხანძარი დაახლოებით 15:30 საათზე გაჩნდა, თუმცა მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სახანძრო ბრიგადა დაზარალებული ოჯახის მეზობლებმა გამოიძახეს. მათი თქმით, სახანძროს ორი ბრიგადა ადგილზე მალევე მოვიდა და ცეცხლი ჩააქრო, თუმცა ამ დროისთვის უკვე ორი ოთახი სრულად იყო დამწვარი.
“გარეთ ვისხედით, უცებ ცეცხლი დავინახეთ და წამოვხტით, მაგრამ… ცეცხლი რომ დავინახეთ, სახანძრო გამოვიძახეთ მაშინვე. ვკიოდით, ვწიოდით… მალე მოვიდნენ და ჩააქრეს, ღმერთმა გაახაროთ,” – ამბობს დაზარალებულის მეზობელი, მზია ხაინდრავა.
ადგილზე იმყოფებოდა გამომძიებელი. ცოტა მოგვიანებით (16:45) მივიდა საპატრულო პოლიციის ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფიც. მათ დამწვარ ოთახებს სპეციალური ლენტები შემოაკრეს, ფოტომასალა შეაგროვეს.
გამომძიებელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა. კომენტარის გაკეთება არ ისურვეს სახანძროს თანამშრომლებმაც, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მალევე დატოვეს ტერიტორია. სახანძრო ბრიგადის ხელმძღვანელმა და გამომძიებელმა შესაბამისი უწყებების პრესსამსახურებთან დაკავშირება გვირჩიეს.
ფარდულის დაკანონებას, სანამ ის დაიწვებოდა, ნელი სანაია დიდხანს ცდილობდა. მისი თქმით, მთავრობა პერიოდულად ეხმარება, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულს, თუმცა ფარდულის დაკანონება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. აღნიშნული ფარდული მან ნათესავებს დროებით ჩააბარა, თვითონ კი იმავე ქუჩაზე სხვა ბინაში ცხოვრობს.
სანაია ამბობს, რომ მისი ერთი ნათესავი, ბიჭუნა ჩოკორაია, პირველი ჯგუფის შშმ პირია და სოციალურად დაუცველის საბუთით სარგებლობს. მეორე – მისი მომვლელი და ასევე ნათესავი, შენგელია დოდო. სანაიას თქმით, ბიჭუნა ჩიკორია ოჯახის წევრებსა და ნათესავებს წლების განმავლობაში უცხოეთში დაკარგული ეგონათ. როგორც ის აღნიშნავს, ჩიკორია ერთი წელწადია საქართველოშია.
საპატრულო პოლიციის გამომძიებლებთან ერთად ადგილზე გამოჩნდა და დაზარალებული მოინახულა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რეზო კოპალიანმა.
კოპალიანის თქმით, განცხადების დაწერის შემთხვევაში ერთჯერად დახმარებას მხოლოდ იძულებით გადაადგილებული პირები მიიღებენ, ხოლო პირველი ჯგუფის შშმ პირი, ბიჭუნა ჩიკორია დახმარებას ვერ მიიღებს. უწყების წარმომადგენელი დაზარალებულებთან საუბრისას ამბობს, რომ ჩიკორიას არ აქვს დევნილის სტატუსი და ამის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება.
“დევნილ ოჯახს, ვისაც თავისი ნივთები დაეწვა, მე ავუხსენი კიდეც, რომ დაწერონ განცხადება და შესაძლებლობების ფარგლებში ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. დევნილთა სამინისტრო არადევნილს ვერ დაეხმარება. დევნილებს როცა ეხება საქმე, ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით,” – აცხადებს რეზო კოპალიანი.
ნელი სანაია გვიყვება, რომ ჩიკორიას ჩამოყვანის შემდეგ მთავრობამ პირველი ჯგუფის შშმ პირს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გადასცა. ნელი სანაიას თქმით, ჩოკორიამ 18 თვის პენსია წინასწარ გამოიტანა, თუმცა ხანძარმა მის ნათესავს ტექნიკასთან და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, აღებული 1000 ლარიც წაართვა: “შეიძლება გადარჩენილიყო, მაგრამ არ გვიშვებენ ჯერ ოთახში. შეიძლება ბამბაშიც არის სადღაც გახვეული. რომ შეგვიშვებენ, გადავამოწმებ მერე…”
როგორც სანაია ამბობს, უსახლკაროდ დარჩენილ ნათესავებს დროებით თავისთან შეიფარებს, თუმცა მთავრობას სთხოვს, რომ როგორმე საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილონ ეს ორი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.