ახალი ამბები

ელისაბედ II თანახმაა, პრინც ჰარის და მეგან მარკლს „გარდამავალი პერიოდი“ ჰქონდეთ

13 იანვარი, 2020 • 1227
ელისაბედ II თანახმაა, პრინც ჰარის და მეგან მარკლს „გარდამავალი პერიოდი“ ჰქონდეთ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომ თანახმაა, პრინც ჰარის და მეგან მარკლს „გარდამავალი პერიოდი“ ჰქონდეთ, რომლის განმავლობაშიც ისინი დროს კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში დაჰყოფენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, „მთლიანად უჭერს მხარს“ მათ სურვილს, მაგრამ „ერჩივნა“, რომ ძველ ამპლუაში ყოფილიყვნენ.

დედოფლის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

„ჩემი ოჯახი და მე ბოლომდე ვუჭერთ მხარს ჰარისა და მეგანის სურვილს, დაიწყონ ახალი ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ოჯახმა“, – აცხადებს დედოფალი.

რამდენიმე დღის წინ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ სამეფო ოჯახის „უფროსი წევრების“ სტატუსზე, რაც სამეფო ოჯახისთვის განკუთვნილი პრივილეგიების ნაწილის ვერგამოყენებასაც გულისხმობს. როგორც ისინი აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრიტანული პრესის გადამეტებულმა ყურადღებამაც მათ მიმართ. სწორედ ამიტომ, ისინი კანადაში ცხოვრებას გეგმავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი