ახალი ამბები

ელისაბედ მეორეს ათ დღეში დაკრძალავენ

9 სექტემბერი, 2022 • 1175
ელისაბედ მეორეს ათ დღეში დაკრძალავენ

გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებას გლოვობს. მონარქს, რომელიც სახელმწიფოს სათავეში 70 წლის განმავლობაში იყო, ათი დღის ვადაში დაკრძალავენ, მანამდე კი ცერემონია მკაცრად გაწერილი პროტოკოლის მიხედვით წარიმართება.

როგორც The Guardian წერს, გლოვის პირველ დღეს ჰაიდ პარკსა და ტაუერ ჰილში ქვემეხებიდან გაისვრიან, ამასთან, ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დედოფლის ხსოვნას.

დღესვე მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის ახალი მეფე ჩარლზ III პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასთან გამართავს თავის პირველ აუდიენციას, რის შემდეგაც ოფიციალურად მოაწერს ხელს დაკრძალვის გეგმას. ამასთან, ახალი მეფე ქვეყანას სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მიმართავს, თანამეგობრობას კი — კვირის ბოლოს.

ტახტზე ასვლის საბჭო, რომელიც მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლების და საიდუმლო საბჭოსგან შედგება, წმინდა ჯეიმსის სასახლეში შაბათს შეიკრიბება და სამეფო ტახტზე ახალი მონარქის ასვლას ოფიციალურად გამოაცხადებს. ამის შემდეგ მეფე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება.

დედოფლის ხსოვნას პატივს პარლამენტშიც მიაგებენ, დროშები კი სახელმწიფო დანიშნულების ნაგებობებზე დაკრძალვის მეორე დღემდე დაშვებული დარჩება.

ბალმორალის ციხესიმაგრიდან ელისაბედ მეორის ცხედარს ჰოლიროდჰაუსის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც ცერემონიალური პროცესია გაიმართება. სამეფო ოჯახის წევრები წმინდა ჯილსის ტაძარში მსახურებას დაესწრებიან, რის შემდეგაც ტაძარი ხალხისთვისაც გაიღება. ამის შემდეგ დედოფლის ცხედარს ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ, იქიდან კი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც 5 დღით დაასვენებენ. ცერემონიის პარალელურად მოსალოდნელია გლოვის ნიშნად ქვემეხიდან გასროლაც.

პარლამენტის შენობაში ელისაბედ მეორისთვის პატივის მიგება მოსახლეობას დღეში 23 საათის განმავლობაში შეეძლება. დაკრძალვის დღეს მეფე უცხო ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

უშუალოდ დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 წუთის განმავლობაში დუმილით მიაგებენ პატივს დედოფლის ხსოვნას. ერთსაათიანი ცერემონიის შემდეგ კი მსვლელობა ჰაიდ პარკისკენ დაიწყება, სადაც ქვემეხებიდან კიდევ ერთხელ გაისვრიან. აღნიშნულის შემდეგ ცერემონია უინძორში გადაინაცვლებს, სადაც მსახურება წმინდა ჯორჯის კათედრალში აღევლინება, რის შემდეგაც დედოფალს სამეფო სამარხში დაკრძალავენ.


გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

ცნობა იმის შესახებ, რომ დედოფალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ბუკინგემის სასახლემ მონარქის გარდაცვალების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა. ამ ფონზე, სამეფო ოჯახის წევრები შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის ციხესიმაგრისკენ გაემართნენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები, ასევე, სასულიერო ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ ფიქრობენ და ლოცულობდნენ დედოფლის მდგომარეობაზე.

ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.

2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის განმავლობაში იკავებდა ტახტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი