ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია – EMC

13 იანვარი, 2020 • 1652
მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია – EMC

ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის საიდუმლო ნაწილის გაცნობის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და სპეცრაზმელების ხელახალ გამოკითხვას ითხოვს. ამის შესახებ EMC-ის წარმომადგენლებმა და მალხაზ მაჩლიკაშვილმა დღეს, 13 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

EMC-ს შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა სროლის განმახორციელებელ და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა. ასევე, მათ მიმართ არ არის დასმული მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, რომლიებიც აუცილებელია საქმეზე სიმართლის დასადგენად.

ასევე არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

  • საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაეაქტიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;
  • პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;
  • რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე; რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.
  • რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.

EMC-ის განმარტებით, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები ერთმანეთისგან ფუნდამეტურად განსხვავდება:

“არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ, როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ”, – განმარტებულია EMC-ის შეფასებაში.

ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასების მიხედვით, დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ

    • სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე.
    • სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები.
    • გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა.
    • ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც, ერთი მხრივ, გაფრთხილების არგამოყენების, მეორე მხრივ კი, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა, ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არგამოყენების გარემოებები ადასტურებს.
    • სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და, მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ

EMC-ის შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ “მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია”. ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც “გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია”.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საკუთარ სახლში, გვიან ღამით, სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ მისი დაღუპვის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) ფაქტზე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი