ახალი ამბები

არასამთავრობოები გენპროკურორის კანდიდატების შერჩევის პროცესს აკრიტიკებენ

13 იანვარი, 2020 • 1508
არასამთავრობოები გენპროკურორის კანდიდატების შერჩევის პროცესს აკრიტიკებენ

კაოლიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აკრიტიკებს საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორბის კანდიდატების შერჩევის პროცესს. არასამთავრობოები მიუთითებენ საკანონმდებლო ხარვეზებზე და ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.

კოალიციის 13 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კონტექსტისა და საკანონმდებლო ხარვეზების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ პროცესის მიმართ არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, აუცილებელია: 

  • საპროკურორო საბჭომ შეიმუშაოს კონკურსის ჩატარების პროცედურები და კრიტერიუმები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამოქალაქო/პროფესიული ჯგუფების უფრო აქტიურ ჩართულობას კანდიდატების შერჩევის პროცესში;
  • კანდიდატების შერჩევა-წარდგენასთან დაკავშირებით მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებაში საბჭომ დაასაბუთოს, რომ კანდიდატები აკმაყოფილებენ გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავებისთვის საჭირო კრიტერიუმებს; 
  • მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გენერალურ პროკურორს არ შეარჩევს ვიწროპარტიული ინტერესით და პარლამენტში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსს.

გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს მხარი დაუჭირა გენპროკურორ შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამართოს კონსულტაციები გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის მიზნით აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

როგორც კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, საპროკურორო საბჭომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. საბჭომ წერილობით მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციას შერჩევის პროცესში ჩართვის მიზნით.

“საპროკურორო საბჭოს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი კომპონენტია მთლიანი პროცესის გამჭვირვალობისა და ლეგიტიმურობისთვის. ის საკმარისად ვერ უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას. კანონმდებლობის თანახმად, კონსულტაციების შედეგად საბჭო შეარჩევს 3 კანდიდატს, რომლებსაც ინდივიდუალურად ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს (მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა)”, – აცხადებს კოალიცია. 

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, მართალია, კანონმდებლობა საბჭოს ავალდებულებს კონსულტაციების წარმართვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, თუმცა ბუნდოვანია, ამ პროცესის შედეგად როგორ უნდა მიიღოს მან საბოლოო გადაწყვეტილება. კერძოდ, არ არის განსაზღვრული კონსულტაციების ფორმატი და სამოქალაქო/აკადემიურ სუბიექტებთან თანამშრომლობის წესები. ბუნდოვანია, თუ რა ფორმით განიხილავს საბჭო მათ რეკომენდაციებს. საბჭოს ასევე არ აქვს განსაზღვრული წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცედურები და, შესაბამისად, ბუნდოვანია, რა პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩევა ის 3 კანდიდატი, რომელთაგან ერთი შემდგომში პარლამენტს უნდა წარედგინოს.

კოალიციისვე შეფასებით, კანდიდატის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, შესაბამისად, “გადაწყვეტილება არ ეფუძნება პოლიტიკურ კონსენსუსს და ეს პროცესი არ არის დაცული ერთპარტიული გავლენებისგან.”

არასამთავრობოების თქმით, წინა გენპროკურორის არჩევის პროცესმაც გააჩინა “პოლიტიკური გავლენის ნიშნები და სახელმწიფომ ვერც ერთ ჯერზე ვერ შეძლო მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და პროფესიული რეპუტაციის მქონე პირის განმწესება აღნიშნულ თანამდებობაზე.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი