ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

12 იანვარი, 2020 • 2062
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, სანამ ხაჯიმბა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, სოხუმში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი “სიტუაციის დასაწყნარებლად” ჩავიდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უკანონოს უწოდებს აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს 10 იანვრის  გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტისთვის ჩანიშნა. ხაჯიმბას ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 12 იანვარს, ხაჯიმბას გადადგომამდე, მის რეზიდენციაში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ინიციატივით, ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა, სადაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს.


აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის საჩივარი 10 იანვარს დააკმაყოფილა – გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის შედეგადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მაშინ რაულ ხაჯიმბა გახდა.

არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას ითხოვდა ოპოზიციის კანდიდატი ალხას კვიცინია, რომლის სარჩელიც სასამართლომ თავიდან არ დააკმაყოფილა. გუშინ, 9 იანვრის სასამართლო პროცესზე კი, ოპოზიციამ მოსამართლის აცილება მოითხოვა. პოლიტიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, დღევდანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე შეცვალეს.

გარდა ამისა, ოპოზიციონერებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი