ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას გაასაჩივრებს

12 იანვარი, 2020 • 3514
ხაჯიმბა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას გაასაჩივრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უკანონოს უწოდებს აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს 10 იანვრის  გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტისთვის ჩანიშნა. ხაჯიმბას ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

“გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის უაკნონო და უსამართლო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

როგორც მანამდე აღვნიშნეთ, უზენესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სახელისუფლებო შენობების შტურმისა და უზენაეს სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე”, – აცხადებს რაულ ხაჯიმბას პრესცენტრი და დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის, მოიძებნოს პოლიტიკური სტაბილიზაციის გზები აფხაზეთში.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 12 იანვარს, ხაჯიმბას რეზიდენციაში, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ინიციატივით, ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა, სადაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს.


აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის საჩივარი 10 იანვარს დააკმაყოფილა – გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის შედეგადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მაშინ რაულ ხაჯიმბა გახდა.

არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას ითხოვდა ოპოზიციის კანდიდატი ალხას კვიცინია, რომლის სარჩელიც სასამართლომ თავიდან არ დააკმაყოფილა. გუშინ, 9 იანვრის სასამართლო პროცესზე კი, ოპოზიციამ მოსამართლის აცილება მოითხოვა. პოლიტიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, დღევდანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე შეცვალეს.

გარდა ამისა, ოპოზიციონერებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი