აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მორიგი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს გაიმართება.
აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის საჩივარი 10 იანვარს დააკმაყოფილა – გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის შედეგადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მაშინ რაულ ხაჯიმბა გახდა.
არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას ითხოვდა ოპოზიციის კანდიდატი ალხას კვიცინია, რომლის სარჩელიც სასამართლომ თავიდან არ დააკმაყოფილა. გუშინ, 9 იანვრის სასამართლო პროცესზე კი, ოპოზიციამ მოსამართლის აცილება მოითხოვა. პოლიტიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, დღევდანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე შეცვალეს.
გარდა ამისა, ოპოზიციონერებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო.