ახალი ამბები

თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო

12 იანვარი, 2020 • 1648
თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო

ასობით ადამიანი გამოვიდა თეირანის ქუჩებში უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების გამო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი მისმა სამხედროებმა “შეცდომით” ჩამოაგდეს, რადგან “მტრულ სამიზნეში” აერიათ.

თეირანის ქუჩებში, ძირითადად, სტუდენტები გამოვიდნენ. როგორც BBC იტყობინება, აქციის მონაწილეების ირანის პრეზიდენტის გადადგომას და ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენლის დასჯას მოითხოვენ, რომელსაც ბრალი მიუძღვის თვითმფრინავის ჩამოგდებაში, ასევე ვინც მომხდარი ტრაგედიის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდა.

ირანელმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ასევე, დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. დროებით იყო დაკავებული ბრიტანეთის ელჩი ირანში. ის თეირანში სამგლოვიარო ღონისძიებას ესწრებოდა, რაც მოგვიანებით საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. ირანის ხელიუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრიტანეთის ელჩი აქციის მონაწილეებს “აქეზებდა”.

BBC-ის ცნობით, ირანში 11 იანვარს დაწყებული საპროტესტო აქცია მასშტაბებით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოხატა აქციის მონაწილეთა მიმართ და ირანის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

“ირანის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ჯგუფებს ადგილზე უნდა მისცეს აქციაზე დაკვირვებისა და ფაქტების გაშუქების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ არ უნდა მოუეწყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტა და არ უნდა გაითიშოს ინტერნეტი. მსოფლიო გიყურებთ”, – ტვიტერზე დაწერა ტრამპმა. მან იგულისხმა დეკემბრის ანტისამთავრობო აქციები, რა დროსაც ირანში, სავარაუდოდ, ასეულობით ადამიანი მოკლეს და ასევე, გათიშეს ინტერნეტი.

ირანის ხელისუფლებამ მხოლოდ 10 იანვარს აღიარა, რომ მისმა სამხედროებმა 8 იანვარს, თეირანში, აფრენიდან რამდენიმე წუთში რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავი. ირანის ხელისუფლებამ მომხდარი “ადამიანურ შეცდომად” შეაფასა და პასუხისმგებლობის წილი დააკისრა აშშ-საც, რომელმაც 3 იანვარს ერაყში გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოელიმანი მოკლა. ამის შემდეგ ირანმა 8 იანვარს, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა. დაბომბვის სემდეგ კი ირანის სამხედრო ძალები განსაკუთრებულ მზადყოფნაში იყვნენ, რადგან საპასუხო თავდასხმას ელოდნენ. მათ სწორედ ამ დროს ჩამოაგდეს სამგზავრო ბოინგი. ირანის ხელისუფლების თქმით, თვითმფრინავი სამხედროებისთვის “სენსიტიურ ობიექტს” მიუახლოვდა, რაც მათ საფრთხედ აღიქვეს.

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებას წინ ამერიკული მედიის ინფორმაცია და ასევე კანადის პრემიერის განცხადება უძღოდა, სადაც სწორედ ირანი იყო დადანაშაულებული თვითმფრინავის ჩამოგდებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ხელისუფლებისგან კომპენსაცია, ცხედრების გადაცემა, ასევე სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

თვითმფრინავის ჩამოგდებას ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე ემსხვერპლა.

ფოტოზე: 11 იანვრის აქცია ირანში. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

ვიდეოზე აღბეჭდილია სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება – New York Times

 

მასალების გადაბეჭდვის წესი