ამერიკულმა მედიასაშუალება The New York Times-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, მათი თქმით, აღბეჭდილია, როგორ ხვდება რაკეტა “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავს ირანში, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანმა შემთხვევის გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა კანადისა და აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი. შესაბამისი განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც გააკეთა. ირანში აღნიშნულს “დიდ ტყუილს” უწოდებენ. თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ თვითმფრინავი ნამდვილად ჩამოაგდეს.

როგორც “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ხვდება რაკეტა თვითმფრინავს აეროპორტთან ახლოს მდებარე ქალაქ პარანდის თავზე, თვითმფრინავი უცებ არ ფეთქდება, თუმცა წყვეტს სიგნალის გაგზავნას რადარისთვის. ის ტრიალდება აეროპორტისკენ, რამდენიმე წუთის განმავლობაში ცეცხლმოკიდებული მიფრინავს, მიწას ენარცხება და ფეთქდება. როგორც გამოცემა იტყობინება, მათ დაადასტურეს აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობა. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მივიდა მედიასაშუალება აღნიშნულ დასკვნამდე.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით, მათ მიერ მოპოვებული ვიდეოზე აღბეჭდილი აუდიო-ვიზუალური მონაცემები ემთხვევა თვითმფრინავის მარშრუტს და იმ ადგილს, სადაც ის ჩამოვარდა. მედიასაშუალებას ტერიტორიის სატელიტური ფოტოები კომპანია Maxar Technologies-მა მიაწოდა.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოში სავარაუდო შეჯახებისას ჩანს ნათება, 10 წამში კი აფეთქების ხმა აღწევს კამერამდე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, “ნიუ-იორკ ტაიმსი” ასკვნის, რომ კამერა თვითმფრინავს დაახლოებით 3 კილომეტრის სიშორიდან იღებდა. ვიდეოს გადაღების ადგილიდან ეს არის სწორედ ის მანძილი, სადაც უკრაინული თვითმფრინავი იმ მომენტში მიფრინავდა FlightRadar24-ის მონაცემებით. FlightRadar24 არის ონლაინ პლატფორმა, სადაც რადარებიდან მიღებული ინფორმაცია თვითმფრინავების გადაადგილების შესახებ ლაივ რეჟიმში გადაიცემა.

“ნიუ-იორკ ტაიმსმა” ვიდეოს ავთენტურობის დასადგენად გამოიყენა სხვა დეტალებიც. მაგალითად, ვიდეოში ჩანს ხუთსართულიანი შენობების წყება, რაც ასევე ადვილად არის შესამჩნევი იგივე ადგილზე გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე.

ხუთსართულიანი შენობები

ვიდეოში ჩანს პატარა ზომის ნაგებობაც, რისი ნახვაც შესაძლებელია სატელიტის ფოტოებზე.

ვიდეოზე ასევე აღბეჭდილია მრგვალი ფორმის ლითონის ნაგებობა, რაც ასევე ჩანს სატელიტის ფოტოებზე.

კაცმა, რომელმაც ვიდეო გადაიღო, “ნიუ-იორკ ტაიმსს” უთხრა, რომ გადაღება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასროლის მსგავსი ხმა გაიგო.

დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Belingcat-მა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე წლის წინ უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების გამოძიებაში, ზუსტად მსგავსი ნაბიჯებით გააანალიზა გავრცელებული ვიდეო და იგივე დასკვნა დადო. გარდა ამისა, მათ დამატებით გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია ირანის შეიარაღებაში არსებული რუსული წარმოების Tor M-1-ის ფრაგმენტები. აღნიშნული ფოტოების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდო, რომ ის ავიაკატასტროფის ადგილზეა გადაღებული.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების”  ბოინგ 737-800 8 იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი. დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.