ახალი ამბები

C ჰეპატიტის პროგრამით 2015-2018 წლებში დაგეგმილზე 18 ათასით ნაკლებმა იმკურნალა – აუდიტი

11 იანვარი, 2020 • 1347
C ჰეპატიტის პროგრამით 2015-2018 წლებში დაგეგმილზე 18 ათასით ნაკლებმა იმკურნალა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტრო 2015-2018 წლებში, ანუ დავით სერგეენკოს მინისტრობისას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 65 ათასი ადამიანის ჩართვას გეგმავდა, თუმცა ეს ვერ შეძლო.

2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პროგრამაში დაგეგმილი 65 ათასიდან მხოლოდ 47 407 პირი ჩაერთო, რაც დაგეგმილზე 17 593-ით ნაკლებია.

გარდა ამისა, როგორც აუდიტმა აღმოაჩინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ბალანსზე C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტს, უბრალოდ, ვადა გაუვიდა და მისი გამოყენება ვერ მოხერხდება. აღნიშნული მედიკამენტები, მკურნალობის შემთხვევაში, 2300-მდე ადამიანს ეყოფოდა. C ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები საქართველოს სპეციალური პროგრამის ფარგლებში მწარმოებელმა კომპანიამ უსასყიდლოდ გადასცა. ერთი ადამიანის C ჰეპატიტისგან განსაკურნებლად საჭირო მედიკამენტების ღირებულება დაახლოებით 80 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც სიძვირის გამო მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

უფრო ვრცლად იმის გასაგებად, თუ რატომ არ სარგებლობს უფრო მეტი ადამიანი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით და რატომ კარგავენ, ფაქტობრივად, უფასოდ მკურნალობის შანსს, ასევე, რა შეცდომები დაუშვა სახელმწიფომ, წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი