ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი: ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეში

10 იანვარი, 2020 • 1778
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი: ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეში

„ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტირებისას საერთაშორისო საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეში. მიხედეთ თქვენს შიდა პრობლემებს, რაც არცთუ ისე ცოტა გაქვთ. ჩვენ შექმნილი სიტუაციიდან დამოუკიდებლად ვიპოვით გამოსავალს“, – წერს დაურ კოვე.

მან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ეხმაურება რუსეთის დუმის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებას – „რუსეთი ითანამშრომლებს აფხაზეთის ნებისმიერ ხელისუფლებასთან“ – და იქვე დასძენს, რომ „აფხაზეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს კანონის უზენაესობისა და ყველა სამთავრობო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“.

___

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს 19-ით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას. ხაჯიმბას გადადგომა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომლებმაც სოხუმში პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს.

აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 8 სექტემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამ საქმეს ამჟამად განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი