როგორც კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანები აცხადებდნენ, აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ორგანიზებული და ისინი მხოლოდ ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. აქციის დაწყებამდე ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად მანიფესტი შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის 21 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეები მობილურის ფარნებით სიმბოლურად აჩვენებენ ხელისუფლებას, თუ რამდენი ადამიანი უცხადებს სოლიდარობას ზოოპარკის დირქტორს. #Tbilisiflood #Zoo
Posted by Giorgi Diasamidze on Wednesday, June 17, 2015
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ნინო მაყაშვილი ამბობს, რომ თუ დადგება არასწორი განაჩენი და გურიელიძეს დააკავებენ, აქციები კიდევ გაგრძელდება:
“არ ვიცი, რა განაჩენი შეიძლება გამოიტანონ. თუ იქნება არასწორი განაჩენი, თუ მას დააკავებენ, კიდევ გავაგრძელებთ აქციებს, სანამ არ გამოუშვებენ მას. გურიელიძეს უბრალოდ გადააბრალეს იმიტომ, რომ სხვას ხელები ვერ შეაწმინდეს. სანამ ამ ადამიანს არ გაუშვებენ, მანამდე ჩვენ არ მოვისვენებთ: ყველა ერთად ვიდგებით, ყველა ერყად ავიმაღლებთ ხმას, სანამ ეს ადამიანი არ იქნება მშვიდობიანად თავის სახლში. ისედაც საშინელ მფგომარეობაშია: ამდენი ცხოველი დაკარგა, ოჯახის წევრები დაკარგა და აქვს საგიჟეთი, საშინელი მდგომარეობა. კიდევ ასეთ რაღაცას აბრალებენ… ეს არის უსამართლობა.
მან თვითონ განაცხადა თავიდან, სანამ დაკითხვაზე შევიდოდა, რომ არ არის დარწმუნებული, რამდენი ცხოველი არის კიდევ დარჩენილი გარეთ. ამის შემდეგ, როდესაც გამოვიდა, მან უცებ განაცხადა, რომ ეს თავისი ბრალია. რა უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, როცა ვიცით, თუ როგორი სამართლიანი და კეთილია ეს ადამიანი? ეს არის უბრალოდ გადაბრალება.”

მაყაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში ზურაბ გურიელიძემ დღევანდელი განცხადება ზეწოლის შედეგად გააკეთა: “დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი იმიტომ, რომ ყველაფერზე ზეწოლაა ამ ქვეყანაში. ვერავინ ამოიღებს ხმას, რომ ამას ზეწოლა არ მოყვეს. არ დავაჭერინებთ ამ ადამიანს! ეს არის ჩვენი გაფრთხილება. სანამ მას საფრთხე ემუქრება, ჩვენ ამას არ მოვუთმენთ.”
ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად კანცელარიის შენობასთან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ტიფლისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, ურბანისტ ცირა ელისაშვილს წარმოუდგენელად მიაჩნია ის, რომ ზოოპარკის დირექტორს ზეწოლოს გარეშე გაეკეთებინა დღევანდელი განცხადებები:
“თუ ზეწოლოს გარეშე გააკეთა, ეს ისევ იმაზე მეტყველებს, რომ მას აქვს დიდი მასშტაბის პასუხისმგებლობა. ორივე შემთხვევაში, ნებაყობლობითი თუ ძალდატანებითი, ეს თავად ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ ხსნის. ახლა ყველაზე ადვილი არის ჯოხის გადატეხვა ზურაბ გურიელიძეზე. სწორედ ეს გააკეთა ამ ხელისუფლებამ. ერთი საათის წინ დადებულმა ინფორმაციამ, რომ მოსულიყო საზოგადოება ამ ადამიანის მხარდასაჭერად კანცელარიასთან, გამოიწვია ის, რომ გამოიყვანა აქ ამ რაოდენობის ადამიანი.”
ელისაშვილის თქმით, აუცილებელი პირობა არის ის, რომ ერთ წყაროს არ ენდობი და მას აუცილებლად ამოწმებ: “მეორე არის ის, რომ თუ ერთ წყაროს არ ენდობი და ამ ინფორმაციას ამოწმებ – მოსახლეობა ერთი დღით ადრე რეკავდა და ეუბნებოდა, რომ გვესმის ლომის ღრიალის ხმა, რაზედაც რეაგირება არ გაკეთდა. ამ თვალსაზრისით ამ ადამიანის დადანაშაულება არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ რანგის დანაშაული, რომ უდანაშაულო ადამიანს აბრალებ იმ მსხვერპლს, რომელიც დღეს ვნახეთ თბილისის ქუჩებში.”

“სამწუხაროდ, ამ დღეებმა, მიუხედავად იმისა, რომ მობილიზების თვალსაზრისით მოხალისეთა დიდი ჯარია გამოსული, მენეჯმენტის კუთხით, იქნება ეს სვანეთის ქუჩა, მზიური თუ ვაკის სასაფლაო, ყველგან აკლია მენეჯმენტი. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მან მართოს ის სიტუაცია, რაც ხდება ამ ტრაგედიის ოთხი დღის განმავლობაში. პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ინსტიტუციებს, ვისაც პრიორიტეტად სვანეთის ქუჩასთან ერთად უნდა ეღიარებინა ზოოპარკი. სასწრაფოდ უნდა გაეწმინდათ ოქაურობა, უნდა დათვლილიყო, რამდენი ცხოველი დაიხოცა ადგილზე და აქედან გამომდინარე ზუსტი ცნობა – რამდენი არის დაკარგული ქალაქში. ეს არ მოხდა. მხოლოდ ზოოპარკის თანამშრომლების დადანაშაულება, მით უმეტეს, როდესაც ერთი დღით ადრე ეს ადამიანები აფიქსირებენ, რომ სამი ცხოველი არის გარეთ, ამის გაკეთება და დადანაშაულება არის უბრალოდ სირცხვილი და მეტი არაფერი,” – აცხადებს ცირა ელისაშვილი.

ზურაბ გურიელიძე უკვე ზოოპარკშია და მადლობას გითვლით თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!
Posted by თბილისის ზოოპარკი on Wednesday, June 17, 2015
დღეს, 17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა. საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცახდებით, გამოძიება მყისიერად დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე. ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პროკურატურამ უკვე დაკითხა.

დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ვეფხვი – ლიკვიდირებულია. მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.
13-14 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც თბილისსში რამდენიმე ადგილი დაიტბორა. სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 19 ადამიანია დაღუპული, დაკარგულად ითვლება 4, ხოლო უსახლკაროდ 200-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის შედეგად დაიღუპა მისი სამი თანამშრომელი, ცხოველები, რომელთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. მთავრობის წინასწარი მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარებებს.






