ახალი ამბები

ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას გავასაჩივრებთ საზღვარგარეთ – ჯაფარიძე

9 იანვარი, 2020 • 1611
ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას გავასაჩივრებთ საზღვარგარეთ – ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” ხელშეკრულების გაუქმებას ქვეყნის გარეთ გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მათ დღეს, 9 იანვარს, ჟურნალისტებს უთხრეს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაიზრდება საერთაშორისო ასპარეზზე სასამართლო დავაში:

“სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვეჯახებით იმ რეალობას, რომ ეს გადაიზრდება დავაში რამდენიმე ქვეყნის სასამართლოში. შესაბამისად, იქ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს აჩერებს თვითონ პროექტის განვითარებას. პრობლემა ის არის, რომ ამ პროექტით უკვე გამორიხულია, უახლოეს პერიოდში ინვესტორი დაინტერესედეს იმიტომ, რომ ასეთი სადავო პროექტი არავინ არ ინტერესდება”, – განმარტავს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, 2019 წელს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, მათ შეძლეს ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც დარწმუნებულები არიან კონსორციუმის შესაძლებლობებში და ანაკლიის პროექტის განხორციელების აუცილებლობაში:

“ამას უკვე წინ დაუდგა სრულიად არაკონსტრუქციული პოზიცია მთავრობის მხრიდან. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ არა მხოლოდ არაკონსტრუქციული პოზიცია, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ განდევნილი იქნა ინვესტორი და საბედნიეროდ, მოწმეებიც არსებობენ. ამიტომ ყველაფერი ეს ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ მოტივით, რომ თითქოს ვერ ასრულებს კონსორციუმი ვალდებულებას, ამ მოტივით მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფასაზა 2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიწყო. 2018 წელს კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მალევე კი პროკურატურამ “ფულის გათეთრების საქმეზე” გამოძიება დაიწყო 2008 წელს განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გამო, დაახლოებთ ერთ წელიწადში კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე, ბრალი წაუყენა.

ამ ბრალდებას ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ბრალის წარდგენიდან მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძემ აღნიშნული ქმედება პორტის მშენებლობის ხელშეშლას დაუკავშირეს და კონსორციუმი დატოვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების დრო რამდენჯერმე გადაუვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი