ახალი ამბები

აშშ თეირანთან „სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზადაა“

9 იანვარი, 2020 • 1076
აშშ თეირანთან „სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზადაა“

aშშ გაეროსადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ მზადაა თეირანთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC“ ავრცელებს.

აშშ-ის განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა ირანთან „სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოოს წინაპირობების გარეშე“.

ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთბა კიდევ უფრო დაიძაბა – 3 იანვარს, ამერიკული ავიაიერიშის დროს, მოკლეს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, ხოლო 8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.

გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის ელჩმა გაეროში კელი კრაფტმა განაცხადა, რომ აშშ მზად იყო მოლაპარაკებებისთვის „ირანული რეჟიმის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევის ან ესკალაციის პრევენციის მიზნით“.

წერილის თანახმად, გაეროს წესდების 51-ე პუნქტის მიხედვით, სოლეიმანის მკვლელობა გამართლებულია.

გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ აშშ „საჭიროებისამებრ“ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს ახლო აღმოსავლეთში თავისი შეიარაღებული ძალების და ინტერესების დასაცავად.

რაც შეეხება ირანს, თეირანის ელჩმა გაეროში მაჯიდ თაჰთ რავანჩიმ დაწერა, რომ ირანს „არ სურს ესკალაცია ან ომი“, ხოლო ბაზებზე შეტევა იყო „პროპორციული პასუხი“. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შეტევა განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე და, შესაბამისად, სამოქალაქო პირებს თუ ობიექტებს არანაირი ზიანი არ მიადგათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი