“პირველივე დღიდანვე ყველა იქ ბრძანდებოდით. მეორე დღე იყო, როდესაც თქვეს, რომ რამდენიმე მტაცებელი ცხოველია დაკარგული. როცა დაიწია წყალმა, ვოლიერებში ნახეს დამხრჩვალი ცხოველები. გუშინ დამიკავშირდნენ ჩვენი დანაყოფების ხელმძღვანელები და მითხრეს, რომ, ბატონო ვახტანგ, ხომ არ შევამსუბუქოთ პრევენციული ღონისძიებები ცხოველების ძებნასთან დაკავშირებით? ვიკითხე, რატომ? პირადად დირექტორმა განაცხადა, რომ არც ერთი ცხოველი დაკარგული არ გვყავს, ზოგი არის მკვდარი, ზოგი არის ცოცხალი, ვოლიერებში გადაყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი და იყვნენ ყოველთვის მობილიზებული. ამის მიუხედავად, გრძელდებოდა სამძებრო ღონისძიებები”, – განაცხადა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის თქმით, სამძებრო მოქმედებების დროს მათ დაათვალიერეს საწყობის ეზო, სადაც ვეფხვმა ადამიანი იმსხვერპლა. გომელაურის თქმით, მათ საწყობი დახვდათ დაკეტილი.
“იყო დაკეტილი. ეს იყო საწყობი. რკინის კარები აქვს და აქვს გისოსები. წყალი იდგა შიგნით, იქ ფიზიკურად ვერ შევიდოდნენ, თუ პატრონი არ გააღებდა ამას და თითონ ვერ მოხვდებოდა შიგნით ვეფხვი. თუმცა, რომ დაიწია წყალმა, აღმოჩნდა სარდაფი. როგორ მოხვდა შიგნით ვეფხვი, ახლა მუშაობენ და ნახავენ საიდან შევიდა. გარედან ვერ მოხვდებოდა ვერნაირად. ამ განცხადებიდან გამომდინარე, ამას გავექცეოდით თუ არა, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო, ალბათ მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს”, – უთხრა გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დღეს, 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხმა ერთი ადამიანი მოკლა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. იგივე თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.
ზოოპარკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ გუშინ, 16 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ერთ ვეფხვს, აფთარსა და დათვს ვერ პოულობდნენ, თუმცა იმავე დღეს ლიბერალმა გამოაქვეყნა 15 ივნისს ჩაწერილი ინტერვიუ ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძესთან, სადაც იგი ამბობს: “ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.”