ახალი ამბები

ქვეყნისთვის ყელში დანის გამოსმაა – ხიდაშელი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე

9 იანვარი, 2020 • 1719
ქვეყნისთვის ყელში დანის გამოსმაა – ხიდაშელი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტა იყო შედეგი იმ ორწლიანი ბრძოლისა, რომელსაც მთავრობა კონსორციუმთან ბოლო ორი წლის განმავლობაში აწარმოებს. გარდა ამისა, მისი თქმით, გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და მის უკან არ დგას რაიმე ეკონომიკური თუ ფინანსური არგუმენტი.

აგრეთვე, ხიდაშელის თქმით, ელოდება, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის პროცესების დასრულებას ხელისუფლება რაც შეიძლება მალე შეეცდება – „ველოდები, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე – ვიცით, რომ სასამართლო პროცესები პრაქტიკულად ყოველდღეა ჩანიშნული და ველოდები, რომ იქაც სწრაფი დასარულის მოლოდინშია ხელისუფლება და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე, ანუ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მოხდეს იქაც გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. თეორიულად მაინც ვუშვებ, რომ იქნებ ასეთი სისულელე არ ჩაიდინოს ხელისუფლებამ და ეს ადამიანები საპატიმროში არ აღმოჩდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, პრაქტიკულად ამის იმედი არ მაქვს“.

ხიდაშელმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის დიდი იმედი აქვს – „ანაკლიის თემას ექნება ბევრი გაგრძელება ქვეყნის გარეთაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი, რომ თავად კონსორციუმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები საქმის კურსში იყვნენ, ერთ მხრივ, მეორე მხრივ კი, ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყოს მაქსიმალურად მაღალი“.

ხიდაშელის თქმით, „ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე უფრო დიდი დანის გამოსმა ყელში, რაც კი ბიძინა ივანიშვილს შეეძლო გაეკეთებინა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დანა მან ქართულ ოცნებას გამოუსვა ყელში და არა ქვეყანას“.

მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულებას უწყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი