ახალი ამბები

კავშირზე ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაანალიზებთ საფრთხეებს – გიორგი გახარია

9 იანვარი, 2020 • 1436
კავშირზე ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაანალიზებთ საფრთხეებს – გიორგი გახარია

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა დღეს, 9 იანვარს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მჭიდრო კავშირშია თავის პარნტიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რათა ერთობლივად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისგან გამომდინარე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ, რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირშია თავის პარნტიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ ერთობლივად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისგან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება მისი წარმომადგენლობის, საკონსულოების, საელჩოების მეშვეობით, რომ შესაძლო გართულებებისას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.


8 იანვარს ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. როგორც თეირანი აცხადებს, ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ 3 იანვარს ირანელი გენერლის – ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მასალების გადაბეჭდვის წესი