როგორც “ნეტგაზეთს” რესპულიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, სტაციონარში შემოყვანის დროს პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა:
“ადამიანი, რომელსაც ვეფხვი თავს დაესხა, 40 წლამდე მამაკაცია. შემოსვლისთანავე გული გაჩრებული ჰქონდა. ჩავატარეთ რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით იყო პაციენტი და მალევე გარდაიცვალა.”
ადამიანი, რომელიც დღეს ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, საწყობში მუშაობდა.
“ნეტგაზეთს” სადაზღვევო კომპანია “უნისონში” განუცხადეს, რომ ვეფხვი იმ კომპანიის საწყობში იყო, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში იყო დაზღვეული და 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა:
“ჩვენს მიერ დაზღვეული კომპანიის მონიტორინგს ვახორციელებდით, ვითვლიდით, რა ზარალი მიადგა კომპანიას. სამი დღეა ამ პროცესში ვართ ჩართული. დღეს როცა გავაღეთ საწყობი და შევედით და დავიწყეთ აღრიცხვა, უცებ ერთ მუშას თავს დაესხა ვეფხვი და გაიქცა. ეს ადამინი საწყობის მუშა იყო, რომელიც დაიქირავეს, რომ კომპანიას საწყობის დალაგებაში დახმარებოდა.”
ვეფხვი, რომელიც ადამინს დაესხა, შს სამინისტროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლომი დაესხა მოქალაქეს, ხოლო შემდეგ საუბარი იყო ვეფხვზე. ადგილზე ისევ რჩებიან პოლიციელები, რომლებსაც შემოსაზღვრული აქვთ პერიმეტრი.
შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.