სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სტიქიის მიერ დაზარალებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
სააგენტო აცხადებს, რომ კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის, მერიის შესაბამის სამსახურებთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან, ასევე თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან.
სააგენტოს ვეტერინარები ზოოპარკის ტერიტორიასა და მიმდებარე ადგილებზე ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად ატარებენ ღონისძიებებს, მათ შორის, დახოცილი ცხოველების დამარხვაზე ზედამხედველობას.
მონიტორინგი ტარდება, ასევე, სვანიძის ქუჩაზე მდებარე შპს ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკეში’, რომელიც სტიქიამ თითქმის გაანადგურა. დაზიანებული ხორცპროდუქტებისა და ნედლეულის ნარჩენები შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება, აცხადებს სააგენტო.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სპეციალისტები ადგილზე ახორციელებენ ვეტერინარულ ზედამხედველობას, ასევე სურსათისა თუ სასმელი წყლის ხარისხისა და უვნებლობის კონტროლს.