ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასმელ წყალზე მითითებს სტიქიას არ უკავშირებს

16 ივნისი, 2015 • • 1444
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასმელ წყალზე მითითებს სტიქიას არ უკავშირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ეს გაფრთხილება მხოლოდ თბილისის დაზარალებულ რაიონებს არ ეხება და მსგავს განცხადებას ყოველ ზაფხულში ავრცელებენ.

 

თქვენმა განცხადებამ, რომელიც სტიქიის პარალელურად გავრცელდა, გააჩინა კითხვები წყლის უვნებლობასთან დაკავშირებით. რატომ გაავრცელეთ ეს განცხადება?

 

ვერც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქსელში წყლის შეწყვეტისა და მილის გამოცვლის შემდეგ ეს არის ზედმეტი ღონისძიება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ ათი წუთი წყალმა იდინოს. რაც არ უნდა დარწუნებული ვიყოთ, რომ სუფთაა მილი, მაინც ჯობია წყალი მოვუშვათ, ვიდრე მივიღოთ პირველივე პორცია წყალი, რომელიც გამოვა მილში.

ამას გარდა, ეს არ ეხება მხოლოდ თბილისსა და დაზარალებულ უბნებს, სადაც დატრიალდა ეს შემთხვევები. თბილისი დიდი ქალაქია და შეიძლება სხვა უბნებში ავარიული გამორთვები იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო. მეორეც, საქართველოში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც ეხება ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია წყალსადენების დაზიანებასთან, წყლის შეწყვეტასთან. ამ განცხადებას ეს აზრი ჰქონდა.

 

აქამდეც ავრცელებდით ასეთ განცხადებებს?

 

საზაფხულოდ ყოველთვის ვავრცელებდით ასეთ გაფრთხილებებს, როდესაც წყლის გადაცემით გავრცელების რისკები სეზონურად არის მომატებული. სეზონურად კეთდებოდა ეს განცხადებები.

 

ე.ი. საგანგაშო მდგომარეობა წყლის დაბინძურების კუთხით არ არსებობს?

საგანგაშო მდგომარეობა არის თუ არა, ისევე როგორც თქვენ, მე და საქართველოს მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”. თუ მათ აქვთ ავარიები ქსელში, რისკების შესახებ მოსახლეობა უნდა გააფრთხილონ. ამ ტიპის ინფორმაცია არც თქვენ მიგიღიათ და არც მე მიმიღია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი ჯანმრთელობისთვის იქნება უფრო უსაფრთხო, თუ მე მივიღებ წყალს მაშინ, როცა ის გაივლის კარგად იმ მილებს, რომლებშიც რაღაც პერიოდის მანძილზე წყალი არ იყო. ამ გაფრთხილებაში ეს დევს.

 

წყალი
წყალი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წყალდიდობის შემდგომ გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკის შემცირების მიზნით რეკომენდაციები გაავრცელა.

 

ა) 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეული რისკებისგან;

ბ) გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის მომცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები;

გ) წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

• არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

• სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება;

• შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად
საკვების მოსამზადებლად
სასმელების დასამზადებლად
ყინულის მოსამზადებლად
ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად
ხელების დასაბანად

• ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით:
მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოთავსეთ მაცივარში;
მაცივარში ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები – თავდახურულ ჭურჭელში.
გახსოვდეთ! მაცივარი არა არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი ელექტროენერეგიის გათიშვის შემთხვევაში. თუ ელექტროენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა თქვენი კერძების კეთილსაიმედობა საეჭვო გახდეს.

 

დაზარალების ეპიცენტრში ყოფნისას გაითვალისწინეთ:
არ გამოიყენოთ საკვებად წყალში ჩაძირული პროდუქტები.
თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვის და დეზინფექციის (ქლორი) შემდეგ,
სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი;
გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძრებული ჭურჭელი, ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე.წ. მათეთრებელი.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სასმელ წყალთან დაკავშირებით გავრცელებულ ამ მითითებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მოსახლეობისთვის აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი მითითებების შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

 

“სასმელი წყლის სინჯების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა ქალაქის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად ხორციელდება.  წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები განლაგებულია ყველა სათავე ნაგებობაზე და სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება. 

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყალი თბილისში სუფთაა”, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი