ახალი ამბები

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ წყალდიდობის მიზეზებით პროკურატურა დაინტერესდეს

15 ივნისი, 2015 •
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ წყალდიდობის მიზეზებით პროკურატურა დაინტერესდეს

პრემიერ–მინისტრმა შესაბამის სამსახურებს მიზეზების შესწავლა და სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

 

“ჩვენ გვჭირდება ძალიან კარგად გააზრება და გაანალიზება იმისა, თუ რა მოხდა. ამის მიზეზების დადგენის გარეშე ჩვენ არ შეიძლება, რომ განვვითარდეთ. ამას ჭირდება შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის მომზადება. თუ საჭიროა, ჩამოიყვანეთ უცხოელებიც, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა იქნეს წარმოდგენილი, თუ რა მოხდა. დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ეს 2 გვირაბი, რომელიც იქნა აშენებული და ასევე ახალი ესტაკადა, ახალი გზა ვერეს ხეობაში, ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. მე არ ვიცი, ეს არის უბრალოდ ემოციური შეფასება, თუ ეს არის სიმართლე. ამიტომ მე ვავალებ ყველა შესაბამის სამსახურს, რომ ამაზე დაიწყონ მუშაობა. უნდა გაკეთდეს სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ, მე არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურაც დაინტერესდეს ამ საქმით,”– აცხადებს პრემიერი.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები სხვა ბევრ ქვეყანაში ხდება, რის შემდეგაც დეტალურად შეისწავლიან ხოლმე მსგავსი ფაქტების მიზეზებს.

 

“საფრანგეთის მაგალითს გეტყვით, რამდენიმე ქალაქში მოხდა ისე, რომ ნებართვები იქნა გაცემული არაკანონიერად, ამან შემდეგ გამოიწვია გარემოს დაზიანება, არაკეთილსინდისიერად მოხდა ამ ნებართვის გაცემა. ეს ადამიანები, რომლებმაც ეს მოახდინეს და რომლებმაც მიაყენეს ზიანი გარემოს, იქნენ დასჯილნი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ სახელმწიფო დაინტერესდეს და შეისწავლოს, რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს და ვინც არ უნდა იყოს, უნდა იქნას მიცემული პასუხისგებაში, არც ეს არის გამორიცხული. მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ პასუხისგებაზე ამა თუ იმ პირის, საჭიროა დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებეული ის, რაც მოხდა,”– ამბობს პრემიერ–მინისტრი.

 

უკანასკნელი ცნობებით, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი