ახალი ამბებიეკონომიკა

გადავადების მიუხედავად, კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

3 იანვარი, 2020 • 3771
გადავადების მიუხედავად, კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 იანვარს განცხადებას ავრცელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მრავალგზის გადავადების მიუხედავად, კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და  მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს  და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას:

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.  

სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედვად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 

საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე”, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 3 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი