ახალი ამბები

„სპუტნიკის“ ესტონურმა ფილიალმა მუშაობა შეწყვიტა 

3 იანვარი, 2020 • 1181
„სპუტნიკის“ ესტონურმა ფილიალმა მუშაობა შეწყვიტა 

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო ქსელის, „სპუტნიკის“ ესტონურმა ფილიალმა მუშაობა შეწყვიტა. როგორც ესტონური „სპუტნიკის“ მთავარი რედაქტორი ელენა ჩერიშევა აცხადებს, ისინი შეეცდებიან, მუშაობა მალე აღადგინონ და მუშაობის შეწყვეტაში  ესტონეთის სამართალდამცავი ორგანოებიდან წამოსულ მუქარებს ასახელებს. 

ჩერიშევას განცხადების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტმა „სპუტნიკის“ თანამშრომლები არჩევანის წინაშე დააყენა: ან ისინი „სპუტნიკში“ მუშაობას შეწყვეტდნენ, ან მათზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ.

გარდა ამისა, ჩერიშევას თქმით, ბოლო დროს მათზე ზეწოლა უფრო გაძლიერდა – ბანკებში ხელფასის აღებას ვეღარ ახერხებდნენ, ხოლო პირს, რომელმაც მათ ოფისი მიაქირავა, ხელშეკრულების შეჩერება დააძალეს.

ესტონური გამოცემა  „News Err“ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმაეს რეინსალუს კომენტარს ავრცელებს:  „მინდა აღვნიშნო, რომ არ მიგვიღია ზომები პორტალის მედიაკონტენტის წინააღმდეგ. არის მხოლოდ ეკონომიკური აქტივობის საპასუხოდ მიღებული ფინანსური სანქციები. ჩემი აზრით, ეს სამართლიანია“.

მომხდარს ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებს „ცინიზმი“ უწოდა.

„სპუტნიკი“ რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებაა, რომელიც შედის საინფორმაციო სააგენტოში „რუსეთი დღეს“. სააგენტოს „რუსეთი დღეს“ გენერალური რედაქტორი არის ტელეწამყვანი დიმიტრი კისილიოვი, ხოლო მთავარი რედაქტორი – მარგარიტა სიმონიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი