ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისი ფაღავას ქუჩაზე აშენდება

3 იანვარი, 2020 • 1176
სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისი ფაღავას ქუჩაზე აშენდება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისი თბილისში, ფაღავას ქ. N6-ში აშენდება. მშენებლობის მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აპარატმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 282 ათასი ლარია.

„სახალხო დამცველის თბილისის ოფისი უნდა პასუხობდეს ხუთი მაღალი რგოლის მენეჯერის (სახალხო დამცველი და მოადგილეები), 23 საშუალო რგოლის მენეჯერის (14 დეპარტამენტის უფროსი და 9 სამმართველოს უფროსი) და დანარჩენ 100-120 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჭიროებებს. საერთო სასარგებლო ფართობი უნდა შეადგენდეს 3500-4000 კვ.მ-ს“, – აღნიშნულია მომსახურების აღწერაში.

„ვინაიდან შენობის ძირითადი ფუნქციაა საოფისე დანიშნულება, ის ასევე უნდა მოიცავდეს, თუმცა არ შემოიფარგლოს; მოქალაქეთა მისაღებ ცენტრს, ბავშვთა გასართობი კუთხით და ინდივიდუალური შეხვედრების ოთახებით; კანცელარიის ოთახი; ბრიფინგის სივრცეს, ჟურნალისტთა მოსაცდელი ოთახებით; საკომფერენციო დარბაზები გამასპინძლების ზონით და სველი წერტილებით, სასურველია ორი საკონფერენციო დარბაზის მოძრავი ტიხრით დაკავშირება, რათა საჭიროების შამთხვევაში მოხდეს სივრცის გაერთიანება; კვების ბლოკს; დასვენების ზონებს ინტეგრირებულს კვების ბლოკთან; სამკითხველო დარბაზს; საიდუმლო ოთახი; არქივის ოთახებს; მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს (საშუალოდ 40-50 ავტომობილზე); ტერასებს და აივნებს; სამეურნეო დანიშნულების ოთახებს და სხვა ყველა საჭირო სივრცეს სახალხო დამცველის აპარატის სრულფასოვანი მუშაობისთვის. საპროექტო შენობა მისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირთათვის“, – აღნიშნულია სატენდერო დავალებაში.

მიმწოდებელმა სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს 3 ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კონცეპტუალური დიზაინის ვერსია, რომელთაგან სახალხო დამცველის აპარატი შეარჩევს ერთს.

„იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი არცერთი კონცეპტუალური დიზაინი არ აღმოჩნდა მისაღები, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ მოითხოვოს დამატებითი კონცეპტუალური დიზაინის ვერსიები. შერჩეული ესკიზური პროექტი კონტრაქტორმა უნდა შეთანხმოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან“ ,- აღნიშნულია ტენდერში, სადაც წინადადებების მიღება 2020 წლის 14 იანვარს დაიწყება და 17 იანვარს დასრულდება.

სახალხო დამცველის აპარატის ძველი ოფისის ავარიულობის გამო, 2018 წლის აგვისტოდან აპარატი საქმიანობას დავით აღმაშენებლის გამზირზე აგრძელებს.

სახალხო დამცველის აპარატის შენობის საკითხი სოციალურ ქსელებში განიხილება. აპარატს აკრიტიკებენ შენობის ქირის სახით ყოველთვიურად 34 000 აშშ დოლარის გადახდის გამო.

ამ თემაზე:

სახალხო დამცველის აპარატი შენობის ქირასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი