ახალი ამბები

ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ცინიზმი – EMC კარვების დაშლაზე 

31 დეკემბერი, 2019 • 2194
ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ცინიზმი – EMC კარვების დაშლაზე 

წუხელ, გვიან ღამით, პარლამენტის წინ მდგარი რამდენიმე კარავი თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა ნაგვის შემკრები მანქანის საშუალებით აიღო. კარვები და აქციის ატრიბუტიკა ეკუთვნოდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ პროპორციული წესით არჩევნებზე უარის თქმას აპროტესტებენ. აქვე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავიც – ის მეორე წელია ითხოვს სპეცოპერაციის დროს მოკლული თავისი 19 წლის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, თბილისის მერიის ეს ქმედება არის „აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების და სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და მძიმე დარღვევის ფაქტების გადაფარვის და არაღიარების კიდევ ერთი ცინიკური მცდელობა“.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის წინ სხვადასხვა ადამიანი და სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებსა და პრაქტიკას უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათ შორის, თითქმის ორი წელია პარლამენტის წინ კარავი აქვს გაშლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მათი 19 წლის შვილის სიცოცხლის ხელყოფასა და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას აპროტესტებს. ამავე სივრცეში განთავსებულია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ატრიბუტები, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა 20-21 ივნისს პოლიციის მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების პრაქტიკისა და მას შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე და არადემოკრატიულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოვლენებს აპროტესტებს.

როგორც ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი, მალხაზ მაჩალიკაშვილს მერიამ განუმარტა, რომ მხოლოდ მცირე კარვებს აიღებდნენ და მათ ძირითად კარვებს ხელშეუხებელს დატოვებდნენ, თუმცა მერიამ მოულოდნელად ყველა კარავი აიღო და თანაც ისე, რომ აქციის ორგანიზატორებთან გონივრული ალტერნატივების შესახებ მოლაპარაკების რესურსი არ გამოიყენა.  კარვები და სხვა სააქციო ატრიბუტიკა მერიის თანამშრომლებმა დასუფთავების მანქანებით წაიღეს და სავარაუდოდ, გადაყარეს.

პოლიციამ შეკრების ადგილზე დააკავა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას რამდენიმე მშვიდობიანი აქტივისტი, რომელიც მომხდარს ადგილზე აპროტესტებდა. ადგილზე მობილიზებული ათეულობით პოლიციელი შეკრების მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა, გზის სავალ ნაწილზე ყოველგვარი განმარტების გარეშე ყრიდა და სწორედ ამ მიწოლის და ჩოჩქოლის დროს დააკავეს რამდენიმე აქტივისტი და პროტესტის ლიდერი.

საქართველოს კანონმდებლობით, კარვის დადგმა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა და იმ პირობებში, როდესაც მისი განთავსება საზოგადოებრივ წესრიგს, ტრანსპორტის გადაადგილებას ან/და სხვა საჯარო ლეგიტიმურ მიზანს არ ეწინააღმდეგება, სახელმწიფოს მისი დაცვის ვალდებულება აკისრია. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას.

მოცემულ შემთხვევაში კარვები პარლამენტის წინ ტროტუარზე იყო განთავსებული და ის რაიმე დისკომფორტს სხვა მოქალაქეებს ან საზოგადოებრივ მშვიდობას და წესრიგს არ უქმნიდა. საბავშვო წყლის საზაფხულო ატრაქციონის მაინცდამიანც შეკრების თავისუფლებით სარგებლობის ადგილას გამართვა კი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო ლეგიტიმურ მიზნად. მით უფრო, რომ მერიას შეკრების ორგანიზატორებთან ჯეროვანი კომუნიკაცია და სხვა დროითი და ტერიტორიული ალტერნატივების შეთავაზება არ მოუხდენია და პირდაპირ დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

ჩამოთვლილი გარემოებები შეკრების თავისუფლებაში არააუცილებელ და არაპროპორციულ ჩარევას აჩვენებს. ამ პირობებში EMC მიიჩნევს, რომ მერიის და შსს-ს მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ ამგვარი სტრატეგიების გამოყენება ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ მძიმე პრაქტიკის უგულებელყოფაა, სადაც სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოება გლოვობს ახალგაზრდებს, რომელთა გარდაცვალებაშიც პირდაპირ ან სტრუქტურულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება, დღეს სწორედ ამ საკითხებზე გამართული პროტესტის ჩაშლა და მისი გადაფარვა ბავშვთა ატრაქციონებით უკიდურესაც ცინიკური, პოლიტიკური და სოციალური გონიერებისგან და მგრძნობელობისგან დაცლილი კიდევ ერთი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან“, – წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

___

ამავე თემაზე:

მერია: კარვები საშობაო მარკეტისთვის ავიღეთ, დემონსტრანტები გავაფრთხილეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი