ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

18 წელი ვაგონში და შვილები, რომელსაც ზაფხულობით ხედავს – დევნილი აფხაზეთიდან

15 იანვარი, 2020 • 3010
18 წელი ვაგონში და შვილები, რომელსაც ზაფხულობით ხედავს – დევნილი აფხაზეთიდან

თამაზ დანელია აფხაზეთიდან დევნილია. 18 წლის განმავლობაში, ის თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად, გონიოში, ვაგონში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ხელისუფლებას ეს ვაგონიც კი არ მიუცია მათთვის, „ხალხი დაგვეხმარა და მათ მოგვცეს“- გვიყვება ის.

როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, ტაშკენტში ცხოვრობდა და ოჯახიც იქ შექმნა, თუმცა ომის დროს საქართველოში დაბრუნდნენ. „რთული ცხოვრება გამოვიარეთ, ავად ვიყავი, ხერხემალი დამიზიანდა და სამკურნალოდ რუსეთში წავედი. იქ და მყავს და მასთან ჩავედი. ვაგონში ცხოვრება ძალიან რთული იყო, თანაც იმ დროს, უშუქობასა და სიცივეში. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, ამიტომ ისიც რუსეთში წამოვიდა.

თუმცა, საბოლოოდ, რუსეთში ცხოვრება პრინციპულად არ მინდოდა და შევთანხმდით რომ ყირიმში ვიცხოვრებდით.“ თამაზ დანელია ამბობს, რომ მალე ის ისევ საქართველოში დაბრუნდა, ამიტომ მისი უფროსი შვილი, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიცნო.

„მეუღლე ბუღალტერია და ახლა ისევ რუსეთში ცხოვრობს. ორი ბიჭი მყავს. ჩემმა შვილებმა ქართული არ იციან, მაგრამ უყვართ საქართველო. როცა ეკითხებიან ვინ ხარ? ეუბნებიან რომ ქართველები არიან. ვიცი, ეს არ არის სამარისი. მინდა ისინი აქ, ჩემს გვერდით იზრდებოდნენ“.

თამაზ დანელიას შვილები ზოგჯერ ზაფხულობით ჩამოდიან საქართველოში, ამიტომ მის თავს ხუმრობით „ზაფხულის მამას“ ეძახის.

„უმცროსს შვილს წელს უნდოდა გადმოსვლა, ახლა ჩაქვში ვცხოვრობთ და იქ არის რუსული სკოლა, მაგრამ დედა გახდა აცად, ძალიან ცუდად იყო და აღარ ჩამოვიყვანე. ეს სურვილიც ვერ ავუსრულე. აქ უნდათ ცხოვრება, მაგრამ, ვერ ჩამომყავს, სტაბილური სამუშაო არ მაქვს“.

აფხაზეთის ომამდე თამაზ დანელია უზბეკეთში, შემდეგ ყაზახეთსა და ყირიმში ცხოვრობდა, სადაც ისწავლა ხელობა. „ტაშკენტში მზარეული გავხდი, ყირიმში სანტექნიკა ვისწალე. დილით საწარმოში ვმუშაობდი, ღამით რესტორანში. საქართველოში ხეზე მუშაობაც ვისწავლე და ასე გამაქვს თავი. თუმცა არის პერიოდი, როცა თვეობით უმუშევარი ვარ. ჩემი ძმაც რუსეთში წავიდა, სპორტსმენია, მაგრამ თავი ვერ ირჩინა აქ“.

თამაზ დანელია ამბობს, რომ სოხუმიდან დაახლოებით 38 კილომეტრში, ოჩამჩირესთან ახლოს, მამის სოფელი ჰქონდა. „კინდღი, ასე ქვია სოფელს. ძალიან ლამაზი სოფელია. იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა და ახლაც ძალიან მენატრება. მამაჩემს ვენახი ჰქონდა და ღვინოს აყენებდა. ახლა მხოლოდ ნასახლარია შემორჩენილი. ვაზიც აუჩეხიათ“.

თამაზ დანელია მამის, გურამ დანელია სოხუმიდან გამოსვლასაც იხსენებს. ამბობს, რომ ომის დროს, მამა 56 წლის იყო, როცა სოხუიდან ენგურამდე გადმოცურა.

„ომის პერიოდში დეიდაშვილმა მოუყვანა ცხენი, როცა ქალები სოფლიდან გაიყვანეს, მამა და რამდენიმე კაცი, სანაპიროს მოუყვებოდნენ, მდინარესთან უნდა ჩასულიყვნენ.   ტყეში ხმები გაიგონეს. შესვლა უნდოდათ, მაგრამ მამაჩემის ცხენი არ შევიდა.

ის ორი კაცი როცა შევიდა ცოტა ხნის შემდეგ აფეთქების ხმა გაიგონა და ნახა და ორივე ნაღმზე აფეთქებულიყო. მამაჩემმა დამარხა ის კაცები და ისევ გამოუყვა სანაპიროსკენ ფეხით.  ცოტა ხნის შემდეგ, ორმა ცხენმა ჩამოიქროლა, ერთი მისი იყო. თუმცა, ცხენი არ გაჩერდა მამასთან და მდინარისკენ გაიქცა. სანაპიროცა დანაღმული ყოფილა და ორივე ცხენი აფეთქდა. ასე გადაარჩინა მამა ცხენმა. მდინარესთან ტყვიების წვიმაში მოყვა, ამიტომ ჩახტა მდინარეში“.

გურამ დანელიამ ორი დღე და ღამე იცურა და მდინარით, ენგურამდე გამოვიდა. თავისი ოჯახი კი ზუგდიდში ნახა.

თამაზ დანელია ამბობს, რომ ადამიანებს უნდათ თუ არა, პოლიტიკასთან მაინც აქვთ შეხება, თუმცა, ხალხზე ხელისუფლება ნაკლებად ზრუნავს. „არც საქართველოში ზრუნავენ და არც რუსეთში. იცით რამდენი ადამიანი მოდის რუსეთიდან იმის გამო რომ რეჟიმში ცხოვრება არ უნდათ? არც აქ გვაქვს დალხენილი ცხოვრება, ამიტომ გარბიან ადამიანები.

ჩვენ ვიცინით, ზოგჯერ ვმღერით კიდეც, მაგრამ რად გინდა ასეთი სიცილი და ღიმილი, თუმცა დევნილები ერთმანეთს გვერდით ვუდგევართ, ვეხმარებით როგორც შეგვიძლია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი