ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„მაინც სოხუმის ქვა მირჩევნია აქაურ ოქროს“ – დევნილობის გზა [ვიდეო]

30 დეკემბერი, 2019 • 2206
„მაინც სოხუმის ქვა მირჩევნია აქაურ ოქროს“ – დევნილობის გზა [ვიდეო]

დარეჯან კურდღელია ერთ-ერთია იმ ათიათასობით დევნილს შორის, ვინც აფხაზეთი ჭუბერის უღელტეხილის გავლით დატოვა. დღეს დარეჯანი ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

“მე და ჩემი მეუღლე, ჩვენს პატარა შვილთან ერთად ფეხით გადმოვედით ჭუბერზე აფხაზეთიდან. საშინელება გამოვიარეთ. თოვდა, ჩვენ ზამთრის ფეხსაცმელიც კი არ  გვქონდა. ფაქტობრივად, სახლიდან  ვერაფრის წამოღება ვერ შევძელით. დღემდე მახსოვს ის გაჭირვება, რაც მაშინ გამოვიარეთ,” – იხსენებს დარეჯანი.

ამბობს, რომ მისი ოჯახი სოხუმში ერთ-ერთი შეძლებული ოჯახი იყო. მეუღლე, ოთარ ქობალია საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. ჰყავდა ფეხბურთის გუნდი, რომელსაც წვრთნიდა. ასევე მუშაობდა როგორც მსაჯი. ყველაფერი რაც გააჩნდათ, სოხუმში დატოვეს.

“იცით რას ნიშნავს ცხოვრების დაწყება თავიდან? დანით, ჩანგლით და ერთი თეფშით? ეს საშინელებაა. ადამიანს რომ ეწვება სახლი, იმას ჰგავს. მაგრამ ახალ სახლს ძველის ნასახლარზე მაინც აგებ, შენს კარმიდამოში. ჩვენ ჩვენი შექმნილი, აშენებული ყველაფერი დავტოვეთ და უცხო ქალაქში დავიწყეთ ყველაფერი ნულიდან,” – იხსენებს დარეჯანი.

მიუხედავად გაჭირვებისა, დარეჯანმა და მისმა ოჯახმა შეძლო გამკლავება ტრავმებს და ცხოვრება თავიდან დაიწყო.

ახლა დარეჯანი თავის შვილს ეხმარება და პატარა შვილიშვილს ზრდის. ოცნებობს, რომ ოდესმე შეძლოს დაბრუნება ქალაქში, სადაც თავისი ახალგაზრდობა და ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა.

“სხვანაირად არ გამიგოთ, მაინც სოხუმის ქვა მირჩევნია აქაურ ოქროს,” –  ამბობს ის.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/635333527002613/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი