“მდინარე ვერეს ადრეც ახასიათებდა ასეთი წყალმოვარდნები. 1960 წელსაც ყოფილა ასეთი ტრაგედია და მაშინაც დაიღუპა ცხოველები ზოოპარკში და მაშინაც დაიწერა და ითქვა, რომ ამის მიზეზი იყო ის, რომ მილში იყო გატარებული მდინარე და ვერ მოასწრო გატარება. ახლა კიდევ უფრო მეტ მონაკვეთზე არის მდინარე მილში გატარებული,” – განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “რეალურ სივრცეში”.
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2010 წლის შემოდგომაზე ძირითადი ნაწილი დასრულდა. ახალი გზის პროექტირება “საქგზამეცნიერებამ” განახორციელა, მშენებლობა კი, კომპანიამ “Caucasus road project”-მა.

“თავიდან ბოლომდე ეს იყო პოლიტიკური პროექტი და პროექტი არა თბილისის საჭიროებებისთვის, არამედ პოლიტიკური ოპონენტების ჯინაზე, იმისათვის, რომ მაშინდელ მმართველ პარტიას ეპატაკებინა ამომრჩევლისთვის, რომ, აი, მოვასწარით, მერის არჩევნების წინ ეს გავაკეთეთ და ისე ჩქარობდნენ, რომ ბოლო მონაკვეთი ბეტონის დაგებას ვერ ასწრებდნენ და ასფალტი დააგეს”, – განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროექტისთვის მზიურს შუეცვალეს სარეკრეაციო ზონა.
“სარეკრეაციო სტატუსის მოხსნამ საშუალება მისცა ამ პროექტის დამპროექტებლებს, რომ გაეკეთებინათ ეს პროექტი, გაეჩეხათ 400-მდე ხე. გზშ არ მოგვცეს მაშინ, არ არისო, გვიპასუხეს”, – განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ ამ პროექტს თბილისის კეთილმოწყობის სამსახური წარმართავდა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში მდინარე ვერე ადიდდა, რამაც გამოიწვია ქალაქის რამდენიმე ადგილზე ძლიერი დატბორვა. ადიდებულა წყალმა იმსხვერპლა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 12 ადამიანი, 24 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგედაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.






