ახალი ამბები

გაფრინდაშვილის ამბავი აჩვენებს იქ მცხოვრებთა გასაჭირს – კლაარი

28 დეკემბერი, 2019 • 1503
გაფრინდაშვილის ამბავი აჩვენებს იქ მცხოვრებთა გასაჭირს – კლაარი

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი წარმოაჩენს იმ სირთულეებს, რაც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხი აწყდება.

კლაარი მიესალმება გაფრინდაშვილის გამოშვებას: „კარგი ამბავია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს“, – დაწერა მან „ტვიტერზე“.

„მისი დაკავება და სამხრეთ ოსეთთან გადასაკვეთი პუნქტების დაკეტვა ნათლად აჩვენებს იმ უწყვეტ გაჭირვებასა და საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგანან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზს გასწვრივ მცხოვრები ადამიანები“, – წერს იგი.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და რამდენიმე საათში თბილისში, სახლში დაბრუნდა.

მცირე ხნით ადრე ოსურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

ვრცლად:

იმის გამო მომისაჯეს, რომ ვამბობდი, საზღვარი არ დამირღვევია – გაფრინდაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი