ახალი ამბები

მადლობა ოსებს დახმარებისთვის და ბოდიში, რომ შეაწუხეს – გაფრინდაშვილი

28 დეკემბერი, 2019 • 10081
მადლობა ოსებს დახმარებისთვის და ბოდიში, რომ შეაწუხეს – გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ დახმარებისათვის მადლობას უხდის ოს მოსახლეობას, რომლებიც პატიმრობაში ყოფნისას პროდუქტებს უგზავნიდნენ.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ოს მოსახლეობას, რომლებიც ჩემს გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო იმის გამო, რომ ჩემ გამო შეაწუხეს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა თბილისში, ეროვნულ მუზეუმში პრესკონფერენციაზე და თქვა: „თვენახევარი ვიყავი ამ ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე“.

მისი თქმით, იგივე სიტყვები თქვა ცხინვალში საბოლოო სიტყვაში, რასაც „შეიძლება, თავიანთი ინტერპრეტაცია მისცენ“ ოსურმა, რუსულენოვანმა გაზეთებმა. მისი თქმითვე, მას ბრალდება არ უღიარებია.

ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის ორწლიანი პატიმრობა იმიტომ მიუსაჯარა, რომ გამუდმებით ამბობდა, რომ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

მცირე ხნით ადრე ოსურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუშინ გაგზავნა წერილი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან, თუმცა ამ წერილში მაინც არ უღიარებია ის ბრალი, რასაც ედავებოდნენ – „საზღვრის უკანონო კვეთა“.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად გადავიდა.

„გასახსენებელი ბევრი არაფერი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, მთავარი მიზეზი რაც იყო, იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს, ვინ იყო და სად ცხოვრობდა, რადგან პრობლემები შეექმნება“, – განუცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

მისი თქმითვე, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს, გადასვლის მიზეზად სოფელ მონასტერში არსებული ეკლესიის მონახულება დაუსახელა.

ნახეთ ასევე:

იმის გამო მომისაჯეს, რომ ვამბობდი, საზღვარი არ დამირღვევია – გაფრინდაშვილი

იმის გამო მომისაჯეს, რომ ვამბობდი, საზღვარი არ დამირღვევია – გაფრინდაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი