ახალი ამბები

მთავრობის განკარგულებით,15 ივნისი ნაწილობრივ უქმედ გამოცხადდება

14 ივნისი, 2015 •
მთავრობის განკარგულებით,15 ივნისი ნაწილობრივ უქმედ გამოცხადდება

მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

 

მთავრობის განმარტებით, 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის.

 

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო, აცხადებს მთავრობა.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი