ახალი ამბები

პრემიერი: მოსახლეობის აზრით, ესტაკადაზე მთელი რიგი პირობები არაა გათვალისწინებული

14 ივნისი, 2015 •
პრემიერი: მოსახლეობის აზრით, ესტაკადაზე მთელი რიგი პირობები არაა გათვალისწინებული

“მოსახლეობას სახლები აქვს დატბორილი და ვნახეთ, რომ წყალი 3 და 5 მეტრზე იყო ასული. ძალიან დიდი ზიანი მიიღეს აქ კომპანიებმა.  ჩვენ მოვისმინეთ მოსახლეობის მოსაზრებები, რომ როდესაც ესტაკადა აშენდა, იქ არ იყო მთელი რიგი პირობები გათვალისწინებული. კერძოდ, წყლის ნაკადის გატარება ვერ ხერხდებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ამან გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ მდინარის ადიდებისას, როგორც მოსახლეობა და სპეციალისტები ამბობენ, ვეღარ გაატარა იმ ნაკადის წყალი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.     

 

მისივე თქმით, ახლა მთავარია, აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად განხორციელდეს.

 

“გამოცხადებულია სრული მობილიზაცია და ჩვენ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალზე. პირველადი სამუშოებისთვის ათი მილიონი ლარი უკვე გამოვყავით და საჭირო თანხებს ეტაპობრივად გამოვყოფთ,”- აღნიშნა პრემიერმა.          

       

მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს დაავალა, მოსახლეობა სასტუმროებსა და დროებით  თავშესაფარებში მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიყვანონ.

 

3 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი