ახალი ამბები

„მთავარი არხის“ ახალი მეწილე ყარამანიშვილების კომპანიის დირექტორი გახდა

27 დეკემბერი, 2019 • 2374
„მთავარი არხის“ ახალი მეწილე ყარამანიშვილების კომპანიის დირექტორი გახდა

ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ახალი მეწილე ჰყავს – ძმები ყარამანიშვილების კუთვნილი კომპანიის, „ტელეკომპანია საქართველოს“ დირექტორი ნიკოლოზ სისაური.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ნიკოლოზ სისაურმა 19 დეკემბერს იყიდა „მთავარი არხის“ 3%-იანი წილი კახა ანჯაფარიძისგან.

3%-იან წილში მან 3 000 ლარი გადაიხადა და აიღო ვალდებულება, საწესდებო კაპიტალში 300 000 აშშ დოლარი შეეტანა. დოკუმენტის თანახმად, 19 დეკემბრისთვის ეს თანხა უკვე შეტანილი ჰქონდა საწესდებო კაპიტალში.

„ტელეკომპანია საქართველოში“, რომლის დირექტორიც არის ნიკოლოზ სისაური, 25-25- პროცენტიან წილებს ფლობენ ძმები, გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, 50%-ს კი ფლობს ნიკოლოზ ნაყოფია. ეს ის კომპანიაა, რომელიც „რუსთავი 2“-ს ფლობდა კობა ნაყოფიას შვილთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად. კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. რ2-ის წილები მათ საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ დაკარგეს.

მას შემდეგ, რაც სისაურმა „მთავარი არხის“ 3%-იანი წილი იყიდა, არხის წილები ასე გადანაწილდა:

  • ნიკა გვარამია, რ2-ის ყოფილი და მთავარი არხის ახლანდელი გენერალური დირექტორი – 51%
  • კახაბერ ანჯაფარიძე, „ინტერმედიას“ მეწილე და პარლამენტარი 2008-2012 წლებში – 39%
  • ნიკოლოზ სისაური – 3%
  • გიორგი რურუა, ნიკა რურუას ძმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია – 2.5%
  • მარი ანა რურუა, ნიკა რურუას შვილი – 2.5%
  • საქართველოს უნივერსიტეტი, რომლის 37.5%-საც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფლობს – 2%

მასალების გადაბეჭდვის წესი