ახალი ამბები

გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა და ტელევიზიაში $250 ათასი შეაქვს

24 სექტემბერი, 2019 •
გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა და ტელევიზიაში $250 ათასი შეაქვს

პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.

სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

როგორც მან „ნეტგაზეთს“ განუცხადა, წილის შეძენისა და საწესდებო კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილება მას მიაღებინა „შინაგანმა რწმენამ, თავისუფალი სიტყვისა და აზრის არსებობის აუცილებლობამ“.

არხის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49%-ს – კახაბერ ანჯაფარიძე.

ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა- 2.5%-ს, ხოლო ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი