ახალი ამბები

გრიგოლიას ცნობით, “იმედს” და რ2-ს ათეულობით მილიონიან დავალიანებას სავარაუდოდ 10 წელზე გადაუვადებენ

27 დეკემბერი, 2019 • 1026
გრიგოლიას ცნობით, “იმედს” და რ2-ს ათეულობით მილიონიან დავალიანებას სავარაუდოდ 10 წელზე გადაუვადებენ

ტელეკომპანია პირველის დირექტორის, ინგრა გრიგოლიას ინფორმაციით, მედიამენეჯერებთან გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ ტელეკომპანიებს ძველ დავალიანებებს “მგონი, 10-წლიან რესტრუქტურიზაციას გაუკეთებენ”.

გრიგოლიას თქმით, ზუსტად არ იცის, ეს 10-წლიანი ვადა ეხება თუ არა რ2-სა და მაესტროს, რომლებსაც ასევე აქვთ მილიონობით ლარის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კავკასიის, ერთ რეგიონულ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაადო.

მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიისა, ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

გრიგოლიას თქმით, ამ გარემოებების გათვალისწინებით მათ სრული უფლება აქვთ ჩათვალონ, რომ სახეზეა “პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეუტიონ თავისუფალ მედიას არჩევნების წინ კიდევ უფრო დიდი ძალით”.

“იმედის” ძველი დავალიანება შეადგენს 19 მლნ ლარს, “მაესტროსი” კი- დაახლოებით 8 მლნ ლარს, რ2-ის დავალიანება 20 მილიონზე მეტია. იმედსა და მაესტროს მიმდინარე დავალიანება არ აქვთ, ანუ ისინი პირველი ოქტომბრიდან გადასახადს იხდიან, რის გამოც ინკასო არ დასდებიათ, განსხვავებით ტვ პირველისა და კავკასიისგან.

ამავე თემაზე

მიმდინარე დავალიანება არ გვაქვს, შესაბამისად, ინკასოს საფუძველი არ არსებობს – იმედის იურისტი

რ2-ის, ტვ პირველის და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო

უსამართლო დისბალანსი უნდა აღმოიფხვრას – ინტერვიუ ნინო ჯანგირაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი