ახალი ამბები

გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

27 დეკემბერი, 2019 • 1304
გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ტელეკომპანია პირველის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ფინანასთა მინისტრ ვანო მაჭავარიანთან მიმდინარე შეხვედრა ინკასოს თემაზე პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს.

გრიგოლიას თქმით, ვანო მაჭავარიანს რეალურად არ აინტერესებდა ამ ტელევიზიების პრობლემები და იმის შესახებ საუბრობდა, თუ რატომ დაუგროვდა დავალიანება რუსთავი 2 -ს და იმედს: “ვეუბნებოდით, რომ ეს ისტორიები ზეპირად ვიცოდით და გვაინტერესებს, ასეთ უსამართლო მდგომარეობაში რატომ გვაყენებთ”.

“პროტესტი გამიჩნდა იმის გამო, რომ კაცს საერთოდ არ აინტერესებდა, ჩვენ რაზე ვიყავით მისული. ჩვენს საკითხზე კი არ გველაპარაკებოდა, გვესაუბრებოდა, წლების განმავლობაში რატომ დაედო რ2-სა და იმედს ამდენი მილიონის დავალიანება. საუაბრში წამოსცდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოო [რ2-ისა და იმედის დავალიანებაზე არრეაგირება]. იქ სტრასბურგი ახსენა. მერე დაუსრულებლად გვიყვებოდა, როგორ გააპროტესტა იმედმა, რ2 რომ არ იხდიდა…  მე მას ვკითხე, ვინმე დაისაჯა, როცა ამხელა დავალაინება არის ბიუჯეტის მიმართ ამ კომპანიების მხრიდან? და მან ასე აგდებულად გვითხრა, ვისიც გინდათ, იმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეთო. შემდეგ კითხვაზე რომ გადავედი, არ მისმენდა, თავის თემაში იყო და ვუთხარი, აზრს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ მედიამ გააშუქოს მინისტრის მედიამენეჯერებთან შეხვედრა, ამაში მონაწილეობა არ მინდოდა. მას წამოსცდა, პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისიც თქვა, ვისიც გინდათ, იმის პასუხიმგებლობა დააყენეთო. ანუ მოქმედმა მინისტრმა ხელები შეაწმინდა მის წინამორბედ გუნდს, ალბათ, მივა იქამდეც საქმე, რომ დადგება ვინმეს პასუხისმგებლობა”, – აცხადებს გირგოლია.

მინისტრთან მედიამენჯერების შეხვედრა გრძელდება.

25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კავკასიის, ერთ რეგიონული მაუწყებლისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაადო.

მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიის, ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი