ახალი ამბები

გრიპის ეპიდემიაზე საუბარი არ არის – პაატა იმნაძე

27 დეკემბერი, 2019 • 1874
გრიპის ეპიდემიაზე საუბარი არ არის – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში დღესდღეობით გრიპის ეპიდემია არ არის.

იმნაძემ დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს მასშტაბით გრიპით ავადობის საშუალო სტატისტიკური მონაცემი 100 000 მოსახლეზე 190 ადამიანია. ეპიდემიურ ზღვრად 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა ითვლება.

„რომ შევადაროთ, შარშან, იმავე პერიოდში, ავადობა 220 ადამიანი იყო 100 000 მოსახლეზე, ხოლო ავადობის პიკი იყო 280 ადამიანი 100 000 მოსახლეზე“, – განმარტავს პაატა იმნაძე და ამატებს, რომ „არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის“.

პაატა იმნაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გრიპით დაავადებულებს შორის უმეტესობა  ბავშვია და „ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც ძირითადად მოდის პატარა ასაკის ბავშვებზე“. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, ბავშვთა კლინიკები უფრო მეტადაა გადატვირთული.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე 38.5 ან მეტი ერთ დღეზე მეტხანს, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა“.

პაატა იმნაძემ ასევე ისაუბრა ვაქცინების შესახებ და თქვა, რომ სახელმწიფო ვაქცინაციის პროგრამით 93 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა, ქვეყანას კი მარაგში კვლავ აქვს 7 000 ვაქცინა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. მისივე განმარტებით, წელს სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის 2.5-ჯერ მეტი ვაქცინაცია შემოიტანა.

„რაც შეეხება კომერციულ სექტორს – კი ბატონო, მოთხოვნამ გადააჭარბა მათ ბიზნესმოლოდინებს და, სამწუხაროდ, გაუთავდათ“ ,- დასძენს იმნაძე და ამბობს, რომ ბიზნესსექტორის მიერ ჩამოტანილი ვაქცინების სიმცირეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, იმნაძე ამბობს, რომ ამ გრიპით ჯერჯერობით 2 ზრდასრული ადამიანია გარდაცვლილი, რომლებსაც სხვა გართულებები ან/და თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელიც დიდი ხანი არსებობს და ამიტომ, ჩვენ მის მიმართ იმუნიტეტი მეტი გვაქვს, ვიდრე A ტიპის, მით უფრო, H1 ვირუსის მიამრთ, რომელსაც მხოლოდ 2009 წლიდან ვხვდებით დედამიწაზე, ნაკლებ ადამიანს გადაუტანია“, – ამბობს იმნაძე.


სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ სახელმწიფო მოსახლეობას მოუწოდებს ვირუსის გავრცელებიდან, თუმცა “ბათუმელების” მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ქვეყანაში გრიპის ვირუსის ვაქცინები თითქმის არ მოიპოვება. გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში პრობლემური გახდა სასწრაფოს გამოძახებაც. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისას ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/245820/

მასალების გადაბეჭდვის წესი