ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოაგვარებს თუ არა რუსეთთან „დიალოგი“ კონფლიქტებს

27 დეკემბერი, 2019 • 2541
მოაგვარებს თუ არა რუსეთთან „დიალოგი“ კონფლიქტებს

ავტორი: გიორგი ცხადაია, პოლიტოლოგი


ბოლო დროს საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ძალები უფრო და უფრო ხშირად მოგვიწოდებენ რუსეთთან „მოლაპარაკებისკენ“ და „ურთიერთობების აღდგენისკენ“. როგორც წესი, გაუგებარია, აქ უბრალოდ დიალოგზეა საუბარი (რუსეთთან გარკვეული სახის დიალოგi ისედაც გვაქვს, მათ შორის, ჟენევის ფორმატში), თუ რაღაც მეტზე, მაგალითად, ამ დიალოგის გზის ტერიტორიული კონფლიქტების დარეგულირებაზე ან მოგვარებაზე.

ზოგიერთ ქართველს ექმნება ისეთი შთაბეჭილება, რომ თითქოს შესაძლებელი იყოს რაღაც გზებით  რუსეთთან გარიგება ისე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მშვიდობიანად რაღაც ჩარჩოში დარეგულირდეს ან საერთოდაც, მშვიდობიანად მოგვარდეს. მაგალითად, ავიღოთ ბორდერიზაცია, ანუ  დე ფაქტო საზღვრის გავლებისა და საქართველოს ტერიტორიების მითვისების პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ათი წელია მიმდინარეობს. რუსეთთან გარიგების მომხრეების პერსპექტივიდან, შესაძლებელია ბორდერიზაციის შეკავება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო სწორ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან მიმართებაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მოსაზრების მიხედვით, შესაძლებელია, ერთ დღეს გავიღვიძოთ და რუსეთმა საზღვართან პრობლემები აღარ შეგვიქმნას. ქვემოთ სწორედ ამ თეზისის სიმცდარეზე ვისაუბრებ.  შევეცდები ვაჩვენო, რომ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებში არც კონფლიქტის დარეგულირება და არც მისი მოგვარება არ შედის. ერთადერთი რამ, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს, რუსეთის მარიონეტ სახელმწიფოდ ქცევაა. ამის გაკეთება კი, ცხადია, ჩვენს სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ განვითარებაზე უარის თქმას ნიშნავს.

რუსეთის ქმედებების უკეთ გასაგებად საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი პარადიგმა – რეალიზმი გამოგვადგება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის ქვეყნები ყოველთვის ამ პარადიგმის მიხედვით არ ხელმღვანელობენ, რუსეთის პერსპექტივიდან, გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის საკუთარ მხარეს გადმოწევას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ამ პერსპექტივიდან, ზოგიერთი რეალისტი თვლის, რომ ნატოს გაფართოება შეცდომა იყო, ვინაიდან ამან რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. მაგალითად, ერთ-ერთი წამყვანი რეალისტი, სტივენ უოლტი ჟურნალ Foreign Policy-ში წერს:

„ნატოს გაფართოებამ მოწამლა ურთიერთობები რუსეთთან და ითამაშა წამყვანი როლი რუსეთსა და საქართველოს, ასევე, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტების გაჩაღებაში. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და მე არ ვამბობ იმას, რომ მოსკოვის ქმედებები იყო ლეგალური, სწორი, გამართლებული, ან რომ ისინი ეფუძნებოდა ნატოს მიზნების სწორად აღქმას. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ რუსეთის ქმედებები არ იყო განსაცვიფრებელი…“

უოლტის აზრით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის გარდაუვალია, რადგან რუსეთი საქართველოს (სრულიად მართებულად) ხედავს ნატოს მოკავშირე ქვეყნად. უოლტს ცალკე აღებული საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ნაკლებად აინტერესებს (მისთვის მთავარი იმის გარკვევაა, თუ რა უნდა იყოს აშშ-ის ეროვნული ინტერესები და არა ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო მოცემულ სიტუაციაში), მაგრამ ჩვენ რეალისტური თეორიული ჩარჩო ადგილობრივ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეგვიძლია მოვარგოთ და უფრო შორსაც წავიდეთ. ამ შემთხვევაში, ნათლად დავინახავთ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ამ მოცემულობით ვერ მოგვარდება, ვერც ნატოსკენ სწრაფვის კონტექსტში და ვერც ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმით.

რეალისტური პერსპექტივიდან, ისე ჩანს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი გარდაუვალია. თუკი საქართველო გადაწყვეტს, რომ აირჩიოს  რუსეთისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სახის საგარეო პოლიტიკური კურსი – მათ შორის, ნეიტრალიტეტიც კი, ეს რუსეთს აუცილებლად გააღიზიანებს. ამ „სტრუქტურულ“ შეუთავსებლობას ორი მიზეზი აქვს, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

პირველი მიზეზი ის არის, რომ რუსეთი დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს ნაკლებად ენდობა.  ეს გამოჩნდა განსაკუთრებით აფხაზეთის კონფლიქტის დროს, როდესაც რუსეთმა სეპარატისტების მხარე დაიკავა. ერთი, საკმაოდ სადავო ვერსიით, რუსეთის ექს-პრეზიდენტი ელცინი კონფლიქტის დასაწყისში იკავებდა ნეიტრალურ მხარეს შევარდნაძესა და არძინბას შორის. თუმცა ყველაზე სკეპტიკოსებისთვისთვისაც კი შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ რუსეთმა საბოლოოდ, გამოკვეთილად აფხაზების მხარე დაიჭირა (დეტალებს აღარ ჩავყვები, იხილეთ ზემოთ ნაციტირები RAND-ის კორპორაციის ანგარიში).

ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ რუსეთში გარკვეული პოლიტიკური ძალები 1992 წელსვე უკვე იმპერიალისტურად იყვნენ განწყობილი საქართველოს მიმართ. ეს ძირს უთხრის უოლტის და კიდევ ერთი ცნობილი რეალისტის – ჯონ მირშაიმერის თეზისს ნატოს გაფართოების შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში  ჩვენ ეს დისკუსია ნაკლებად გვაინტერესებს. მთავარი აქ ის არის, რომ რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდანვე ერთსა და იმავე რუსული ნეოიმპერიალიზმის ჩარჩოში ვითარდებოდა. ამავე კონტექსტში ჩაისახა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ანუ დსთ-ის იდეაც (საქართველო დსთ-დან 2009 წელს გამოვიდა, უკრაინა – 2018 წელს).

მეორე მიზეზი, რატომაც რუსეთი არ შეეგუება იმას, რომ საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს, ასევე, რეალისტური პარადიგმიდან გამომდინარეობს. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 % აქვს ოკუპირებული. რატომ დასთანხმდება კრემლი ისეთ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც ეთნოკონფლიქტები  დარეგულირდება და ამის შედეგად, ის საქართველოზე ზემოქმედების მოხდენის ეფექტურ ბერკეტს დაკარგავს? ასევე, რატომ დათმობს ქვეყანა (თან ისეთი ნეოიმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ქვეყანა, როგორიც რუსეთია) უცხო ქვეყნის  ტერიტორიის 20 %-ზე სრულ კონტროლს ჰიპოთეტური სიკეთეების მიღების სანაცვლოდ?

ცხადია, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებაში დადებითი წვლილის შეტანის სანაცვლოდ (და პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების უკან წასაღებად) მოითხოვს სერიოზულ გარანტიებს იმისათვის, რომ რომ საქართველოში პრორუსული (ან თუნდაც ნეიტრალური) ხელისუფლება არასდროს შეიცვალოს. რანაირად მისცემს საქართველო ასეთ გარანტიას? იანუკოვიჩის ხელისუფლების ბედი უკრაინაში რუსეთს აფიქრებინებს, რომ მსგავსი გარანტიების იმედზე ყოფნა ძნელია და ამის გამო, რუსეთისთვის მეზობელ ქვეყანაზე ზემოქმედების მოხდენის ბევრად ეფექტურ გზად სეპარატისტული რეგიონების და ეთნოკონფლიქტების სათავისოდ გამოყენება რჩება.

რეალისტური პარადიგმის პერსპექტივიდან, ერთადერთი გზა, რომელიც რუსეთს მისცემს საჭირო გარანტიებს, საქართველოში მარიონეტული მთავრობის დასმაა. მარიონეტული მთავრობები ფორმალურად დამოუკიდებლები არიან და ზოგჯერ მათ გარკვეული შიდა ავტონომიაც აქვთ, მაგრამ  ისინი ფუნდამენტურ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე სრულიად ემორჩილებიან ბატონს. მაგალითად, ასეთი მარიონეტული სეპარატისტული რეგიონები არიან თავად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ერთი აკადემიური კვლევის მიხედვით, რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალიან ჰგავს რუსეთის ურთიერთობას საკუთარ ავტონომიურ რეგიონებთან – ჩეჩნეთთან და თათარსტანთან. ორივე ეს რეგიონი გარკვეულ შიდა ავტონომიას ინარჩუნებს, მაგრამ მათ ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ მოსკოვის გავლით წყდება (დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთს ბევრად მეტი შიდა ავტონომია გააჩნია, ვიდრე სამხრეთ ოსეთს, თუმცა აფხაზეთიც სამხედრო თვალსაზრისით და ეკონომიკურად მაინც რუსეთის ტყვეა). გერმანული „დოიჩე ველე“ წერს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებული „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების“ შემდეგ დასავლელი დამკვირვებლები აფხაზეთს რუსეთის სამხედრო პროტექტორატად მიიჩნევენ.

გასათვალისწინებელია, რომ ეს ეტაპობრივი ანექსიის პროცესი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აწარმოებს, მიმდინარეობს იმ ფონზეც კი, როდესაც ამ ორ სეპარატისტული რეგიონის პოლიტიკურ ელიტებს საქართველოსკენ გამოხედვაც კი არ სურთ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთისთვის უპირველესი ამოცანა იმის უზრუნველყოფაა, რომ ქვეყანას ან სეპარატისტულ რეგიონს დამოუკიდებელი საგარეო ან საშინაო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თეორიული საშუალებაც კი წაართვას. რუსეთს არ სურს, რომ აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს დარჩეთ ისეთი დონის ავტონომია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ შორეულ მომავალში მაინც შეცვალონ პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. უკრაინის ბოლოდროინდელი გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ უცხო ქვეყნებში პრორუსული მთავრობების შენარჩუნება რუსეთისთვისაც კი არ არის იოლი საქმე. ამიტომ მას სჭირდება მარიონეტული რეჟიმების დამყარება საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რუსეთის მარიონეტად ქცევა არ სურს და ჩვენს ბედს დიდი ხანია ევროპულ ცივილიზაციას ვუკავშირებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი ვერ მოგვარდება იქამდე, სანამ რუსეთი ამ ფაქტს არ შეეგუება. შესაბამისად, ისეთ პრობლემები, როგორიცაა მაგალთად, ბორდერიზაცია, მხოლოდ სიმპტომად შეიძლება აღვიქვათ და არა მიზეზად. შეუძლებელია ბორდერიზაციის „დარეგულირება“, რადგან პრობლემა უშუალოდ ეს კი არა, ზოგადად, რუსეთის დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ. ბორდერიზაცია რომ არ ყოფილიყო, რუსეთი სხვა გზას გამონახავდა საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად. საქართველო ამ ფაქტს უნდა შეეგუოს; უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვერანაირი მოლაპარაკება ან გარიგება ამ სიტუაციიდან ვერ გამოგვიყვანს.

ვინც გარიგებაზე საუბრობს, იმან პირველ რიგში, უნდა დაგვიმტკიცოს ის, რომ საქართველოს რუსეთის მარიონეტად ქცევის გარდა, არსებული მძიმე ვითარებიდან რამე სხვა გამოსავალი არსებობს. თუკი მარიონეტობა ერთადერთი გამოსავალია, მაშინ გამოდის, რომ გამოსავალი საერთოდ არ გვქონია. ასეთ პირობებში მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ არჩეულ პროდასავლურ კურსს დინჯად და წარბშეუხრელად მივყვეთ. ეს მოგვცემს იმის შანსს, რომ ადრე თუ გვიან მაინც დავაღწიოთ თავი რუსეთის მარწუხებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი