ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელყუმბარის პაკეტს ისნის ოპერაციის თარიღი ეწერა – EMC

26 დეკემბერი, 2019 • 1889
მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელყუმბარის პაკეტს ისნის ოპერაციის თარიღი ეწერა – EMC

2019 წლი 26 დეკემბერს 2 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა.

მაჩალიკაშვილების უფლებადამცველი ორგანიზაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს მისი სიცოცხლის ხელყოფის გამოძიების კრიტიკულ შეფასებას და აცხადებს, რომ „თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია“.

ორგანიზაცია საუბრობს შემდეგ გარემოებაზე: მათ თანახმად, „დადგენილია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარა მთლიანობადარღვეული პაკეტით გადაეცათ“, ამ პაკეტზე კი თარიღად 2018 წლის 21 ნოემბერი იყო მითითებული, რაც ბერი გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციის თარიღია. ისანში ჩატარებული ამ სპეცოპერაციისას მოკლეს აჰმედ ჩატაევი.

EMC მიუთითებს, რომ გამოძიების დაწყებიდან 2 წლისთავზე არცერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.

„საწყის ეტაპზევე ჩანდა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და მტკიცებულებების მოპოვების და შენახვის წესების არსებითი დარღვევის, ასევე, მაჩალიკაშვილების ოჯახის დეჰუმანიზებისა და მომხდარი დანაშაულის არაღიარების გამო, გამოძიებას ფორმალური და ილუზორული შინაარსი ექნებოდა და ის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევას გაართულებდა“, – წერს ორგანიზაცია.

გთავაზობთ EMC-ის სრულ მიმოხილვას:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 6 მაისს საქართველოს პროკურატურამ სპეციალური საჯარო განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიღებული იქნებოდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. თუმცა ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა, მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები კი არ არიან ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლეებად. გამოძიების პროცესში კვლავ არ არის გამოკვეთილი სუს-ის იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არსებითი შეცდომები დაუშვეს სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. საგამოძიებო ორგანო ამ დრომდე არ უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ასევე, სუს-ის მიერ მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების საკითხზე. საგამოძიებო პროცესი ფუნდამენტური სამართლებრივი ხარვეზებით მიმდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის ჯეროვანი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებთან.

უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და აგვისტოს პერიოდში პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვა არსებითად ფორმალური და ზედაპირული ფორმით ჩატარდა. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია სუს-მა რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩაატარა. პანკისის ხეობაში დასაკავებელი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკები უწყებამ მხოლოდ 2018 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მომდინარე ვარაუდს დაუკავშირა და სპეცრაზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სუს-ის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირ კონსულტაციებს დააფუძნა. გამოკითხვების შედეგად ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ამ პროცესში პრობლემური იყო სათანადო კოორდინაცია და არ არსებობდა ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები. უწყების შიგნით პროცესების ამ ფორმით ორგანიზება და გადაწყვეტიებების მიღების ეს წესი ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს ქმნის და უკიდურესად შემაშფოთებელია.

EMC მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით უკვე დადგენილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები და კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი სახეზეა. მათ შორის,

  • ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში ჰორიზონტალურ, მწოლიარე მდგომარეობაში იყო და ამდენად, ხელყუმბარის გამოყენების შესაძლებლობა, რაზეც სუსი აპელირებს, მას ვერ ექნებოდა;
  • საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახი, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლობის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო და ოჯახის წევრებს სპეცრაზმელთა მოქმედებების კონტროლის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, რაც ხელყუმბარის „ჩადების“ შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ვერსიას აძლიერებს;
  • საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-მა საგამოძიებო ორგანოსგან დამოუკიდებლად, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევით, თავად ამოიღო ხელყუმბარა და მოგვიანებით გაანადგურა, რითაც შემდგომში საჭირო საექსპერტო კვლევების ჩატარება შეუძლებელი გახადა;
  • საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-ის თანამშრომლებმა იარაღზე, რომლითაც გასროლა განხორციელდა, თვითნებურად შეცვალეს კონკრეტული ნაწილი და ცალკეული გარემოებები, მათ შორის სროლის მანძილის განსაზღვრა მნიშვნელოვნად გართულდა;
  • დადგენილია, რომ ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზისთვის თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარა მთლიანობადარღვეული პაკეტით გადაეცათ, ხოლო პაკეტზე თარიღად მითითებული იყო 2018 წლის 21 ნოემბერი, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციის თარიღია;
  • სუს-ის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარება პანკისის ხეობაში ზეპირი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა, მას წინ არ უსწრებდა რისკების შეფასება და საჭირო ინსტრუქციების წერილობით გაცემა;
  • საგამოძიებო მოქმედებებით და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით 20 წუთის შემდგომ გამოიძახეს და ამის შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა ქირურგიულად იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ კვალი წაიშალა და შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა.

აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და მტკიცებულებების ერთობლიობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანო კვლავ უთითებს, რომ საქმეზე ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მხოლოდ მათი შედეგების გათვალისწინებით მოხდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. უკვე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, აშკარაა, საგამოძიებო ორგანო ცდილობს გამოძიების პროცესის გაჭიანურებით თავიდან აირიდოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული მოხელეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა.

თ. მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი გულგრილობა უსამართლოა თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან მიმართებით, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სამართლებრივი გზებით ითხოვენ სახელმწიფოსგან საქმის გამოძიებას, დამნაშავე პირთა გამოვლენას და დასჯას, თუმცა სახელმწიფოსგან უფლების აღდგენის და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღების ნაცვლად ისინი დეჰუმანიზებისა და დევნის მსხვერპლები გახდნენ.

თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ეფექტურ და ჯეროვან გამოძიებას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა პანკისის ადგილობრივი თემისთვის სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაბრუნების მიზნით. ბოლო ათწლეულებში პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის არცერთი მძიმე შემთხვევა არ არის სათანადოდ გამოძიებული, რაც ადგილობრივებში ნდობის და გაუცხოების პრობლემას ქმნის. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემ პანკისის ხეობაში რეპრესიაზე, დასჯასა და კონტროლზე ორინტირებული პოლიტიკის მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგები კიდევ უფრო აშკარად გამოავლინა და ამგვარი პოლიტიკის ცვლილების კრიტიკული აუცილებლობა შექმნა. სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის ეს საქმე ხეობაში საკუთარი პოლიტიკის რადიკალური რევიზიის მიზეზი არ გახდა და ამ საქმეს და მასზე ადგილობრივი თემის წუხილებს მუდმივად არაღიარებისა და გულგრილობის რიტორიკით პასუხობდა.

აღსანიშნავია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს უკვე განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სადაც ოჯახის სახელით, EMC ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (უფლება ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) მუხლების დარღვევას დავობს. აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას უკვე დაუდგინა კითხვებისთვის პასუხის გაცემისა და საქმის მასალების გაზიარების ვადა. EMC იმედოვნებს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელი გახდება მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების რეალური აღდგენა და ამ საქმეზე სამართლიანობის მიღწევა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, სროლის განმახორციელებელი, სპეცოპერაციის დამგეგმავი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა და მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილების დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა“.

ნახეთ EMC-ის მომზადებული ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი