ახალი ამბები

რუსეთის ეკლესია ალექსანდრიის პატრიარქთანაც წყვეტს კავშირს

26 დეკემბერი, 2019 • 1289
რუსეთის ეკლესია ალექსანდრიის პატრიარქთანაც წყვეტს კავშირს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამჯერად ალექსანდრიისა [ეგვიპტე] და აფრიკის პატრიარქთან წყვეტს ევქარისტულ კავშირს და მის პატრიარქს, თოდორე II-ს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს.

ეს გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურებს შორის მოიხსენია, რითაც ფაქტობრივად აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

ალექსანდრიის ეკლესიამ აღნიშნული გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო, რუსეთის ეკლესიამ კი- დღეს, 26 დეკემბერს. ამ ცნობას რუსული გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა ელადის (საბერძნეთის) ეკლესიამაც, რის შემდეგაც რუსეთის ეკლესიამ მის მეთაურთან გაწყვიტა ურთიერთობა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს 2019 წლის იანვარში მოუწოდა, მხარი დაეჭირათ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის.

მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია პირველმა საბერძნეთის ეკლესიამ აღიარა.

გარეკანის ფოტოზე: ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე II. 28.08.2018 ფოტო: Mikhail Tereshchenko/TASS

ალექსანდრიის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი