ახალი ამბები

პეტიცია ცხოველების დახოცვის ფაქტების გამოძიებისთვის

14 ივნისი, 2015 •
პეტიცია ცხოველების დახოცვის ფაქტების გამოძიებისთვის

პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“სტიქიური უბედურება, რომელიც თავს დაატყდა თბილისს, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი განვითარების დონის შესაფასებლად.

 

დილიდან ხელისუფლებამ უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზა, აფრიკული “საფარი”. ერთმანეთის მიყოლებით ხოცავენ ცხოველებს, რომლებიც სტიქიას გამოექცნენ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აკეთებს განცხადებას(და არც მედია სვამს კითხვას), რატომ არ ხდება გაქცეული, სრულიად უდანაშაულო ცხოველების ტრანკვილიზატორებით დაძინება და არა მათი უმოწყალო ხოცვა.

 

ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელმომწერები, ვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და მოხდეს საკითხის შესწავლა:

 

1. თუკი მიზეზი საძილე საშუალებების არქონაა, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

2. თუ მიზეზი “ნადირობის” სურვილია შუაგულ თბილისში, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

 

უნდა გაირკვეს, ვინ გასცა ბრძანება ცხოველების ხოცვაზე და რატომ.”

 

პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე.

 

შუმბა
თეთრი ლომის ბოკვერი სახელად შუმბა, რომელსაც ზოოპარკის თანამშრომლები სტიქიის შემდეგ ეძებდნენ, მოკლულია. ფოტო: თბილისის ზოოპარკი

 

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი