ახალი ამბები

„პრემიებისთვის ფული აქვთ, დევნილებისთვის არა“ – აქცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

26 დეკემბერი, 2019 • 2880
„პრემიებისთვის ფული აქვთ, დევნილებისთვის არა“ – აქცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

დღეს, 26 დეკემბერს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში.

ამ აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია „დევნილები დევნილთათვის“ იყო. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საბჭოს მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის შეტანა, რომელიც:

  1. კანონით განსაზღვრავს დევნილთა ბინებით უზრუნველყოფას, არაუგვიანეს 2025 წლისა;
  2. 45-ლარიანი დახმარების 100 ლარამდე გაზრდა და მასზე დაწესებული ყველა რეგულაციის მოხსნა;
  3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილებს დაურეგისტრირებს ქონებას;
  4. დანიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებს.

ირაკლი ტორუა განმარტავს, რომ ყველა ამ მოთხოვნის შესრულება სწორედ საბჭოს მოვალეობებში შედის, თავად მოქალაქეების მიერ შეტანილ კანონპროექტს კი პარლამენტი არ ითვალისწინებს.

„არაუგვიანეს 2025 წლისა დევნილთა ბინით უზრუნველყოფის პროცესი უნდა დასრულდეს. ეს არის დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის საკითხი და გულისხმობს ბიუჯეტის გაზრდას წელიწადში დაახლოებით 100 მილიონით. დაახლოებით რომ გითხრათ, ჩვენ შევიტანეთ უკვე ერთხელ პარლამენტში და უარი გვითხრეს, გამოვიდა ისე, რომ პრემიებისთვისა და დანამატებისთვის ფული არის, მაგრამ დევნილებისთვის – არა.

ახლა უკვე გადავედით კონკრეტულ მოთხოვნებზე: კი, ჩვენ შევიტანეთ წინადადება და უარი მივიღეთ, მაგრამ ასევე არსებობს უმაღლესი საბჭო, რომელსაც აქვს წარდგენის უფლება და კეთილი ინებონ და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები“, – ამბობს ირაკლი ტორუა.

მისივე თქმით, ხალხი ასევე ითხოვდა უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრას. მათთან მართლაც გამოვიდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, თუმცა, როგორც ირაკლი თოფურია გვიყვება, მან ხალხის პრობლემები „ერთი ყურიდან შეუშვა და მეორიდან გამოუშვა“.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა თამაზ ხუბუასაც, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრა აქციის მონაწილეებთან საკმაოდ მწვავე საუბრის რეჟიმში მიმდინარეობდა. მსჯელობა კი ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობები და მათი ყოფითი ცხოვრების თანმდევი პრობლემები.

ხუბუას თქმით, ორივე მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ ერთ თვეში კიდევ ერთ შეხვდრას გამართავენ, სადაც პრობლემურ საკითხებზე თავიანთ არგუმენტებსა და ყველა აუცილებელ დოკუმენტს კიდევ ერთხელ წარადგენენ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აპირებს თუ არა საბჭო კანონპროექტით მიმართოს პარლამენტს, ხუბუა გვპასუხობს:

„ეს საკითხი ცოტათი სენსიტიურია იმიტომ, რომ ეს კომპეტენცია დელეგირებული აქვს ცენტრალურ უწყებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა გავიაროთ დამატებითი კონსულტაციები. ჩვენს ინტერესებშია, რომ ჩვენი დევნილები დაკმაყოფილდნენ, მაგრამ როყიოდ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ არ შეგვიძლია.

ჩვენ საფუძველი უნდა გვქონდეს, ამიტომ ამ საკითხს გავივლით და თუ ამის აუცილებლობას დავინახავთ, საქმიანი წინადადებითაც გამოვალთ. ამ წუთას ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან ცენტრალური ხელისუფლება დაკავებულია ამ საკითხებით“, – ამბობს ხუბუა.

გარეკანი ფოტო: დევნილები დევნილებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი