2019 წლის დასასრულს გთავაზობთ 5 ქართული გამომცემლობის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიას:
გამომცემლობის, “პალიტრა L”-ის მიერ გამოცემული უცხოური წიგნებიდან ყველაზე პოპულარული წიგნია რეიჩელ ლიპინკოტის “ორი ნაბიჯი შენამდე”. სინოფსის მიხედვით, წიგნი მოგვითხრობს სტელა გრანტის ცხოვრების შესახებ, რომელსაც ფილტვების დაავადება, კისტოზური ფიბროზი აქვს, რის გამოც ხშირად უწევს საავადმყოფოში ყოფნა. მისი ცხოვრება სავსეა რუტინით, იმედგაცრუებითა და თავის მუდმივი კონტროლით. მას სურს საავადმყოფოდან თავის დაღწევა. ის შეხვდება ბიჭს, სახელად უილ ნიუმანი, რომელსაც მისი მსგავსი დაავადება აწუხებს, თუმცა ერთადერთი გზა, რომ ორივე გადარჩეს, ერთმანეთისგან გარკვეული დისტანციით ყოფნაა.
რაც შეეხება ქართულ წიგნებს, გამომცემლობისთვის ყველაზე გაყიდვადი ქართული წიგნი ნიკოლოზ ტოტოღაშვილის “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გახდა. წიგნი მოგვითხრობს უცნაური მხატვრის, იან კლაინის ისტორიას, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა. მას აქვს ჰობიც და ჰყავს მეგობრებიც, თუმცა მაინც მარტოსულად გრძნობს თავს. ამ დროს კი ქალაქში მკვლელობების სერია იწყება. იანი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება, რომელიც ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს ხატავს, თუმცა ყოველ ჯერზე დამნაშავის კვალი იან კლაინთან მიდის…
გამომცემლობა “ინტელექტის” წლის ყველაზე პოპულარული უცხოური წიგნი მარიო ვარგას ლიოსას “საუბარი კათედრალში” გახდა. წიგნში აღწერილია პერუელი დიქტატორის, მანუელ ოდრიას ძალადობრივი ეპოქა, როდესაც ქვეყანაში გამეფებულია კორუმპირებული და უსამართლო სისტემა. რომანის მთავარი გმირები არიან სანტიაგო და ამბროსიო, რომლებიც წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. სწორედ მათი საუბრის ფონზე აღწერს მწერალი იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს პერუს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ქართველი ავტორებიდან კი გამომცემლობა “ინტელექტის” ყველაზე გაყიდვადი წიგნი ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” გახდა. წიგნში აღწერილია 1900-იანი წლების საქართველო, როდესაც შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილი, სტასია იბადება. რომანი ოჯახური საგაა, რომელიც ექვსი თაობის ისტორიას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალიან ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს. სტასიას მეუღლეს ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს პეტროგრადში გზავნიან. სტასია ორ შვილთან ერთად თბილისში თავის დასთან, ქრისტინესთან შეაფარებს თავს, ამ დროს კი საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს, ლავრენტი ბერიას მოეწონება, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება…
გამომცემლობა “დიოგენეს” წლის ყველაზე გაყიდვადი უცხოური წიგნი უმბერტო ეკოს “პრაღის სასაფლაოა”. რომანი შედგება რეალურად არსებული პერსონაჟებით, ინტრიგებით სავსე სიუჟეტებისგან. რომანში მოთხრობილია ოკულტისტების, სატანისტების, მასონების, იეზუიტების, რევოლუციონერების, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიის და რუსეთის საიდუმლო სამსახურების ისტორიები. ასევე, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია.
რაც შეეხება ქართულ გამოცემას, გამომცემლობა “დიოგენესთვის” წლის ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ შედგენილი “ქართული კაპრიზული ფოლკლორის ნიმუშების” კრებული, სახელწოდებით “მოუკრეფავნი”. წიგნში ერთადაა თავმოყრილი ქართული ფოლკლორის ნიმუშები, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილმა და სხვადასხვა ფოლკლორისტებმა შეაგროვეს.
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემული უცხოური წიგნებიდან ყველაზე გაყიდვადი “ნუ მოკლავ ჯაფარას” გახდა. ჰარპერ ლის რომანი აღიარებული იყო, როგორც ყველაზე ჰუმანური ამერიკული ნაწარმოები. რომანი მოგვითხრობს დიდი დეპრესიის დროს ამერიკის შეერთებულ შტატების ერთ პატარა ქალაქში მცხოვრები 6 წლის გოგონას ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. წიგნში გადმოცემულია სიყვარულისა და სამართლიანობის ისტორია, თუ როგორ ცვლის ეს ორი გრძნობა ადამიანურ წარმოდგენებს.
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ქართული გამოცემებიდან კი 2019 წლის ყველაზე პოპულარული წიგნი ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის რომანი “მზე, მთვარე და პურის ყანაა”. სათავგადასავლო რომანში აღწერილია ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრება, რომელსაც უწევს დაამტკიცოს საკუთარი უდუანაშაულობა მაშინ, როცა კრიმინალები მოკვლით ემუქრებიან, პროკურატურისთვის კი მხოლოდ მნიშნელოვანია საქმის გახსნილად გამოცხადება, რათა გამოვლენილი “დამნაშავე გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს…
გამომცებლობისთვის “წიგნები ბათუმში” გასულ წელს ყველაზე გაყიდვადი უცხოური წიგნი ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას “დედის რძე” გახდა. წიგნში აღწერილია, თუ როგორია ცხოვრება საბჭოთა კავშირში ან ნებისმიერი სხვა მსგავსი რეჟიმის პირობებში, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანის თავისუფლებაზე, არამედ ადამიანურ ურთიერთიერთობებზეც აისახება. რომანს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი, რომელთა ამბებიც პარალელურად ვითარდება, თუმცა არასდროს იკვეთება ერთმანეთთან. დედას საბჭოთა კავშირში ცხოვრება უჭირს, შვილი კი იმედებით არის სავსე…
რაც შეეხება ქართველ ავტორებს, “წიგნები ბათუმშის” მიერ გამოცემული წიგნებიდან წლის ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა დავით გაბუნიას “დაშლა”. წიგნი მოგვითხრობს ზურას და თინას ოჯახურ ცხოვრებაზე, რომელიც მშვიდად, თუმცა ინერციით მიედინება – ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი და ზრუნავენ ერთმანეთზე. 2012 წლის ზაფხულში კი ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც მათი ცხოვრების დინებაში სხვები იჭრებიან, აქამდე გამოუცდელი ვნებები კი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდება.