ნეტგაზეთი | რ2-ის, ტვ პირველის და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო რ2-ის, ტვ პირველის და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო – Netgazeti

რ2-ის, ტვ პირველის და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო

ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედოთ. ნეტგაზეთი სხვა ტელევიზიებთანაც ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

რა არის ინკასო? – კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა.

კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი წერს, რომ ეს, პრაქტიკულად, ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან “ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას”.

ინკასოს თაობაზე შეტყობინება მიიღო ტელეკომპანია რ2-მაც. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პაატა სალიამ დაუდასტურა. ინფორმაციას ინკასოს შესახებ ადასტურებენ ტვ პირველშიც.

განახლება 26.12.19 – რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წარმომადგენლის, ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, ინკასო ადევს ერთ-ერთ რეგიონულ მაუწყებელსაც, რომელსაც ამის აფიშირება არ სურს. კუპრაშვილის ცნობით,

“ყველა თვეში მაგ რეჟიმში ვართ. ყოველი თვეს მაგ რიცხვში არაერთ რეგიონულ ტელევიზიას ედება ინკასო. დავალიანების ოდენობა 1000-დან – 2000 ლარამდე მერყეობს ხოლმე. ჩვენთვის ის, რაც დღეს დაემართა ტვ პირველს და კავკასიას, კავკასია პრინციპულად არ იხდის და მესმის მათი, ჩვენს წევრებს სჭირთ ყოველთვიურად”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი, რომელიც სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას მედიასთან მიმართებაში დისკრიმინაციულად მიიჩნევს.

“დღეს რასაც ისინი აკეთებენ ტვ პირველთან და კავკასიასთან მიმართებით, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ როგორი დისკრიმინაციული მიდგომა აქვთ მედიააქტორებთან”, – ამბობს კუპრაშვილი.

25 დეკემბერს ამოიწურა ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებისთვის მიცემული ერთდღიანი ვადა იმისთვის, რომ  მიმდინარე დავალიანება დაფარონ.

ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიისა და ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონ ლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

“ტვ პირველთან” “იმედის” იურისტმა, ანდრო ლაშხმა თქვა, რომ კომპანიას მიმდინარე დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად, “იმედს” კანონით გათვალისწინებული რაიმე ღონისძიება, სავარაუდოდ, არ ექმურებოდა.

2019 წლის მაისში ნეტგაზეთს შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ საურავების ჩათვლით სახელმწიფოს წინაშე რუსთავი 2-ის დავალიანება დაახლოებით 24 მლნ ლარი, “იმედისა” კი 16.7 მლნ ლარი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონკრეტულად კი აგვისტოში, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მაუწყებლებს ერთი თვე მისცა დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების მოსაფიქრებლად. რესტრუქტურიზაცია დავალიანების დაფარვის პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა/კომპანიამ ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. მაჭავარიანის თქმით, ძველი პრაქტიკა, როცა ტელევიზიები “საგადასახადო ამნისტიით” სარგებლობდნენ, აღარ იქნება. მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, როცა მსხვილი ტელევიზიები არ იხდიდნენ გადასახადს, უსამართლო იყო პატარა ტელევიზიების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად აკეთებდნენ ამას. მაისში რ2 ყარამანიშვილების მფლობელობაში იყო და არხის მენეჯმენტის განცხადებით, გადასახადის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებების გამო გაუჭირდათ, როცა კომპანიას და მის ქონებას ყადაღა დაედო.

უფრო მეტი ამ თემაზე წაიკითხეთ აქ

რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com