ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ Facebook-ზე სხვადასხვა ყალბი გვერდი რომ ჰქონოდათ, ალბათ, სამინისტრო საკუთარი გადაწყვეტილებების რეკლამირებისთვის გამოიყენებდა. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც Facebook-ის მიერ წაშლილ გვერდებს ეხებოდა, რომლებიც სოციალური ქსელის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული.
ეკატერინე ტიკარაძის თქმითვე, ინფორმაცია არ აქვს ყალბ გვერდებზე, სადაც სამინისტროს შესახებ პოზიტიური ამბები ვრცელდებოდა #520-ე დადგენილების კონტექსტში.
“თუ დააკვირდებით, რამდენი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და პოზიტიურ 520-ე დადგენილებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის სასარგებლო გადაწყვეტილებაა. დამერწმუნებით, ალბათ, რომ ყლაბი Facebook გვერდების რესურსი და საშუალება რომ გვქონოდა, საკუთარი პიარისთვის გამოვიყენებდით”,-აცხადებს მინისტრი.
ჟურნალისტის საპასუხო რეპლიკაზე, რომ ყალბი გვერდები სამინისტროს რეკლამირებისთვის გამოიყენებოდა, მინისტრი პასუხობს: “შეიძლება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.”
ნეტგაზეთმა 6 დეკემბერს წერდა, რომ მინისტრის მიერ ნახსენები 520-ე დადგენილების შესახებ Facebook-ზე საავადმყოფოების და ერთ შემთხვევაში კონკრეტული მენეჯერის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა. საუბარია ორ გვერდზე, რომელიც ამჟამად წაშლილია: სახალხო ეკონომიკა და სახალხო ჯანდაცვა.
ერთ-ერთი გვერდი, რომელიც ამ კუთხით აქტიურობდა, 28 ნოემბერს იყო შექმნილი. ის კლინიკებს “სიცოცხლით მოვაჭრეებს” უწოდებდა და არგუმენტაციისთვის კონკრეტული კლინიკების მოგების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის ავთენტურობაც ნეტგაზეთისთვის უცნობია. პოსტს 1.3 ათასი მოწონება და ათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა.
გვერდი ასევე “წურბელას” უწოდებდა ერთ-ერთ კლინიკას, რომლის წარმომადგენელიც ასევე მონაწილეობს 520-ე დადგენილებით ჩამოყალიბებული ფასების წინააღმდეგ კრიტიკაში.
“გააზიარე პოსტი და დაუჭირე მხარი ჯანდაცვის მინისტრის N520 ბრძანებას, რომელიც კერძო კომპანიებს თქვენი ჯანმრთელობით ვაჭრობას უკრძალავს, დაუჭირე მხარი სამედიცინო მომსახურების ფასების რეგულაციას!”, – წერდა გვერდი.
კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო ტარიფების შეჩერებას არ აპირებს
