ახალი ამბები

ატენის ხეობაში ცეცხლს ვერტმფრენითაც აქრობენ

25 დეკემბერი, 2019 • 1234
ატენის ხეობაში ცეცხლს ვერტმფრენითაც აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო. უწყების ცნობითვე, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაკვამლიანება დაახლოებით 10 ჰექტარ ტერიტორიაზე შეინიშნება.

“ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის მხარეებიდან. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაზრდილია 200 მეხანძრე-მაშველამდე”, – აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.

გუშინ, 24 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი